კორონავირუსის ახალი ვარიანტი, "ომიკრონი", აღმოაჩნდა 13 პირს, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან ამსტერდამში ორი სხვადასხვა რეისით ჩავიდნენ. ეს 13 პირი იმ 61 მგზავრს შორისაა, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ.
ჰოლანდიაში ამკაცრებენ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის წესებს, ინფიცირების შემთხვევების ზრდის და ახალი შტამის შესახებ შეშფოთების ფონზე. შემოღებული ზომები მოიცავს რესტორნების და კულტურული ობიექტების ადრე დახურვას და სახლებში შეკრებილი ადამიანების რაოდენობის შეზღუდვას.
"ომიკრონის" აღმოჩენა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) სამხრეთ აფრიკამ პირველად ოთხშაბათს, 24 ნოემბერს შეატყობინა. პირველადი ინფორმაცია აჩვენებს, რომ ამ შტამს გავრცელების და რეინფიცირების უფრო მაღალი უნარი აქვს. WHO ახალ შტამს "შემაშფოთებელ ვარიანტს" უწოდებს.
ჰოლანდიის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა "ომიკრონის" 13 შემთხვევის აღმოჩენის შესახებ კვირას გამოაცხადა და აღნიშნა, რომ კვლევები "ჯერ არ არის დასრულებული", რაც, BBC-ის თანახმად, ნიშნავს, რომ ახალი შტამი სხვა ტესტებშიც შეიძლება დადგინდეს.
ბრიტანეთი, ბელგია, გერმანია, დანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ისრაელი და იტალია იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც უკვე დაადასტურეს ვირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები, ძირითადად იმ ადამიანებში, რომლებმაც სამხრეთ აფრიკაში იმოგზაურეს. ამ შტამის ევროპაში ასე სწრაფად აღმოჩენა აჩენს ვარაუდს, რომ ის უკვე მსოფლიოს არის მოდებული.
დაწერეთ კომენტარი