Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო შეშფოთებულია აფრიკის სამხრეთის იზოლაციით შტამ "ომიკრონის" გამო


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 29 ნოემბერს საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" და მასზე აშშ-ის საპასუხო ზომების შესახებ - აცხადებს თეთრი სახლი იმ ფონზე, როცა ევროპის ქვეყნები აღრიცხავენ ამ, პირველად აფრიკის სამხრეთში აღმოჩენილი, შტამით ინფიცირების პირველ შემთხვევებს.

მატულობს შეშფოთება, რომ ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო მეტად გადამდები იყოს, არსებული ვაქცინების ეფექტიანობა კი - უფრო დაბალი მასთან საბრძოლველად, თუმცა ბევრი რამ კვლავ გაურკვეველი რჩება.

სამხრეთ აფრიკის სამედიცინო ასოციაცია აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის შტამ "ომიკრონით" არიან ინფიცირებული, არ გამხდარან სერიოზულად ავად, თუმცა ბევრი მათგანი ახალგაზრდაა და დაავადების დამძიმების ალბათობა მათთან ისედაც დაბალი იყო.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა 29 ნოემბერს თქვა, რომ "ღრმად შეშფოთებულია", რადგან მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა აფრიკის სამხრეთის სახელმწიფოებს სამოგზაურო შეზღუდვებს უწესებს "ომიკრონის" გამო. "ყველა მთავრობას მოვუწოდებ განიხილონ გამეორებითი ტესტირება მოგზაურთათვის, სხვა საჭირო და რეალურად ეფექტიან ზომებთან ერთად, იმ მიზნით, რომ ვირუსის გადადების საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული და შესაძლებელი იყოს მოგზაურობა და ეკონომიკური ჩართულობა", - ამბობს გუტერეში განცხადებაში.

ინფექციური დაავადებების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მთავარმა სპეციალისტმა, ენტონი ფაუჩიმ, 28 ნოემბერს ბაიდენს ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, რომ ახალი ვარიანტის შესახებ მყარი ინფორმაციის მოპოვებას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

XS
SM
MD
LG