Accessibility links

site logo site logo

"ლელოს" ინიციატივა: სულ მცირე 3 წლით გადასახადებისგან გათავისუფლდეს მედია ბიზნესი


"ლელოს" წევრი საბა ბუაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეარბილოს მედიაზე არსებული საგადასახადო წნეხი და სულ მცირე სამი წლის განმავლობაში მედია ბიზნესი სრულად გაათავისუფლოს გადასახადებისგან. ინიციატივის ფონია ხელისუფლების გადაწყვეტილება სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციების გამკაცრებისა და გადასახადების გაზრდის შესახებ. "ლელოში" ფიქრობენ, რომ მედია ბიზნესის რამდენიმე წლით საგადასახადო წნეხისგან გათავისუფლება, შეამცირებს იმ მოსალოდნელ დანაკარგებს, რომელიც პანდემიით და აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვით იქნება გამოწვეული.

"დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს აზარტული თამაშების რეკლამის სრულად აკძალვას. ამ ბიზნესიდან მიღებული სარეკლამო შემოსავალი, სატელევიზიო მედიის სარეკლამო შემოსავლების თითქმის 20%-ს შეადგენს და მისი აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ მედიას.

სინამდვილეში ქართული ოცნება დაინტერესებულია არა აზარტული თამაშებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებით, არამედ მედიისთვის დამატებით ფინანსური დაბრკოლებების შექმნით", - მიიჩნევს საბა ბუაძე. ის მმართველ პარტიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და თვლის, რომ დაანონსებული შეზღუდვების მიზანი არ არის საზოგადოებისთვის აზარტული თამაშებით მიყენებული ზიანის შემცირება.

"ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე კაზინოებს გაუნახევრა მოსაკრებელი და 5 მილიონი ლარი აჩუქა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. საზოგადოებას ასევე კარგად ახსოვს, საარჩევნო კამპანიის დროს, ღარიბაშვილის მიერ საარჩევნო დაპირებად დაანონსებული კაზინოების ქალაქის მშენებლობა გონიოში. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ "ქართული ოცნების" რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ფლობენ წილს სათამაშო ბიზნესში, არამედ ამ ფულით აფინანსებენ მმართველ პარტიას" - ამბობს საბა ბუაძე.

"ლელო" მედიის საგადასახადო ვალდებულებებისგან გათავისუფლების ინიციატივით ჯერ კიდევ 2020 წელს გამოვიდა, როდესაც პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სარეკლამო ბაზარს, რომელიც სატელევიზიო მედიის შემოსავლის მთავარი წყაროა.

"საქართველოში მედია გაცილებით მეტია, ვიდრე ბიზნესი. პლურალისტური მედია დღეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების სადარაჯოზე დგას. სწორედ ამიტომ არის მედია ივანიშვილის ხელისუფლების სიძულვილის და თავდასხმების ხშირი ობიექტი" - თვლიან პარტიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG