ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) 2021 წლის გამორჩეულ ძიუდოისტთა სიაში შეიყვანა. მსოფლიო ძიუდოს მმართველმა ორგანიზაციამ შავდათუაშვილი წლის საუკეთესო ძიუდოისტთა ნომინაციაში, ხუთ ნომინანტს შორის დაასახელა. სულამანიძე კი წლის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდოს კანდიდატია, ასევე ოთხ კონკურენტთან ერთად.
IJF-ის მიერ ჩამოწერილ ნომინაციებში, გამარჯვებულები 10 დეკემბერს უნდა გამოავლინოს სოციალურ ქსელში ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელიც უკვე აქტიურად მიმდინარეობს და ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დღეში ერთხელ, ამ ბმულზე: https://awards.ijf.org/
ლაშა შავდათუაშვილმა წლეულს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ქართული ძიუდოს ისტორიაში ერთადერთია, ვინც შეძლო სამივე დიდი შეჯიბრების ოქროს მედლის მოგება. იგი ოლიმპიური ჩემპიონი 2012 წელს გახდა, ევროპირველობაზე კი 2013-ში მიაღწია წარმატებას. გარდა ამისა, ზაფხულში შავდათუაშვილმა, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ვერცხლით, ოლიმპიადებზე მოგებული მედლების სრული კომპლექტი შეკრა.
20 წლის ილია სულამანიძე 2021 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს (21-წლამდელთა) შორის და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში. მან უფროსებს შორისაც დაიმკვიდრა ადგილი ნაკრებში და დიდ სლემზე მოგებულ ორ მედალს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოც მიამატა.