საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ სასარჩელო მოთხოვნის გაზიარების საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი კახა კალაძე. ის ამბობს, რომ „ინტერ რაოსთან“ ხელშეკრულება წინა ხელისუფლების პირობებში დაიდო, მან კი ენერგეტიკის მინისტრობის დროს, უარი თქვა კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარის გადახდაზე.
„თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა“, - თქვა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერი ამბობს, მისი მინისტრობის დროს არანაირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
„კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს, ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესეც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“, - განმარტა კალაძემ.
რუსული ენერგეტიკული კომპანია „Интер РАО“-ს სარჩელის საფუძველზე, საქართველოს კომპანიისთვის 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა ეკისრება.
გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.
2017 წელს, საქართველოს წინააღმდეგ ჰოლანდიაში რეგისტრირებულმა Inter RAO Gardabani Holdings-ის შვილობილმა კომპანიამ სარჩელი შეიტანა. კომპანია ორ ქართულ ჰიდროელექტროსადგურს, ხრამი-1-ს და ხრამი-2-ს და ასევე Silk Road Holdings ფლობს, რომლის საკუთრებაშია ენერგეტიკული კომპანია "თელასის" 75 პროცენტი. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.
რუსულ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ საქართველოს მხრიდან 2014 წლიდან მიღებული რიგი ზომები მათ ინვესტიციებზე არახელსაყრელ გავლენას ახდენდა.
კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ, რომელშიც არ შევიდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ხარჯზე ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიები, რომელიც ასახული იყო 2013 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებასა და თანამშრომლობის მემორანდუმში.
2016 წელს კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
დაწერეთ კომენტარი