Accessibility links

site logo site logo

ნათია თურნავა „ინტერ რაოს“ სარჩელზე : „მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო“


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ სასარჩელო მოთხოვნის გაზიარების მიუხედავად, საქართველოს გადაწყვეტილება, არ გაეზარდა ტარიფები მომხმარებლებისთვის, იყო სწორი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საუბარია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები (ისინი ითხოვდნენ 200 მილიონამდე კომპენსაციას და ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ 80 მილიონზე), მაშინაც და დღესაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა.

ნათია თურნავას შეფასებით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის, მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო.

„სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განავითაროს თავისი ენერგოგენერაციის წყაროები. „რათა ნაკლებად ვიყოთ ნებისმიერი ქვეყნის ნება-სურვილზე დამოკიდებულები“

რუსული ენერგეტიკული კომპანია „Интер РАО“-ს სარჩელის საფუძველზე, საქართველოს კომპანიისთვის 80.5 მლნ აშშ დოლარის გადახდა ეკისრება.

გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.

2017 წელს, საქართველოს წინააღმდეგ ჰოლანდიაში რეგისტრირებულმა Inter RAO Gardabani Holdings-ის შვილობილმა კომპანიამ სარჩელი შეიტანა. კომპანია ორ ქართულ ჰიდროელექტროსადგურს, ხრამი-1-ს და ხრამი-2-ს და ასევე Silk Road Holdings ფლობს, რომლის საკუთრებაშია ენერგეტიკული კომპანია "თელასის" 75 პროცენტი. მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

რუსულ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ საქართველოს მხრიდან 2014 წლიდან მიღებული რიგი ზომები მათ ინვესტიციებზე არახელსაყრელ გავლენას ახდენდა.

კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 2014 წელს მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიის შესახებ, რომელშიც არ შევიდა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ხარჯზე ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიები, რომელიც ასახული იყო 2013 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებასა და თანამშრომლობის მემორანდუმში.

2016 წელს კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის მოთხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG