Accessibility links

site logo site logo

სიმონ ჯანაშია: ხალხი მოელის, რომ განათლების რეფორმა საკლასო ოთახის დონეზე განხორციელდება


სიმონ ჯანაშია, განათლების სპეციალისტი

განათლების სპეციალისტი სიმონ ჯანაშია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შეფასებისას და მინისტრის მიერ პარლამენტის „სამთავრობო საათზე“ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ გეგმების კომენტირებისას ამბობს, რომ როცა გადაწყვეტილების მიმღებები სისტემაში მიმდინარე რეფორმის საკითხზე საუბრობენ, ხალხი ელის, რომ ცვლილებები უშუალოდ საკლასო ოთახის დონეზე განხორციელდება, თუმცა ეს ასე არ ხდება. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ არ იცვლება გაკვეთილის პროცესი, მოსწავლის მიღებულ ცოდნასთან დამოკიდებულება და სხვა:

„ბევრი სისტემური ცვლილება გვინახავს, მაგალითად, დაფინანსების სისტემა იცვლება, ან მასწავლებლის ხარისხის შეფასების სისტემა იცვლება, ან სკოლები შენდება რემონტდება, იქ რაღაცა რეგულაციები იცვლება, მაგრამ გაკვეთილი თავისთავად არ იცვლება და ამაში არის პრობლემა - როგორ ტარდება გაკვეთილი, როგორ დავალებას აძლევენ, როგორ ურთიერთობენ ბავშვები ახალ ცოდნასთან და ასე შემდეგ“, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ „დილის საუბრებში“.

გადაცემაში სიმონ ჯანაშიამ თქვა, რომ, მისი აზრით, განათლების სისტემის მთავარი სირთულე არის სწორედ ის, რომ ცვლილებები კონკრეტული მასწავლებლის პრაქტიკამდე დავიდეს და თავისთავად დაფინანსების სისტემის, მასწავლებლის განვითარების წახალისებისა თუ სხვა მიმართულებით გატარებული ცვლილებები, მოსწავლეების ინტერესებზე და სკოლის კულტურის ამაღლებაზე იყოს მიმართული:

„მინისტრის გამოსვლაც, ის მექანიზმები, რაზეც ის საუბრობდა, პრინციპში, არ ჩანს, როგორ გარდაქმნის ამ სისტემას ყოველდღიურობაში, რა შეიცვლება ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში. როცა ვამბობთ, მაგალითად, რომ როდესღაც დავიწყებთ სკოლების შეფასებას, მერე რამდენი წელი მოუნდება იმას, რომ, ესე ვთქვათ, ამ შეფასებამ იმოქმედოს კონკრეტული მასწავლებლის, კონკრეტული საგნის სწავლებაზე, ეს უკვე არ ვიცით“, - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ "დილის საუბრებში".

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, 1 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინა.

მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს წლიური ანგარიში წარუდგინა და 2021 წლის განმავლობაში განათლების ყველა საფეხურზე განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG