Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა უვადო მწვანე სტატუსის ცვლილების შესახებ


სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომლითაც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"(PHR) ითხოვდა სასამართლოს უახლოეს დღეებში დაევალდებულებინა მთავრობა, წარმოედგინა სამეცნიერო არგუმენტაცია კოვიდგადატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ უვადოდ გაცემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ზედმეტად ზოგადი და არაარგუმენტირებული.

„სასამართლო ფაქტობრივად ჩვენ გვთხოვს დავამტკიცოთ, რომ კოვიდგადატანილებს იმუნიტეტი მუდმივად არა აქვთ. პირიქით, ეს მთავრობას უნდა დაემტკიცებინა. გარდა ამისა, მსგავსი შუამდგომლობის დაყენებისას, უნდა მიუთითო, თუ რას მოითხოვ მთავარ სარჩელში. ჩვენ გვეწერა, რომ მთავრობამ კოვიდპანდემია არაეფექტურად მართა და მთავარ სარჩელში ამის გამოსწორებას მოვითხოვდით. სასამართლოს ერთ-ერთი არგუმენტი სწორედ ამას ეხებოდა. სასამართლომ არ მიიჩნია, რომ ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სამომავლო გადაწყვეტილებებს რამენაირად ხელს შეუშლის“, - აცხადებს ორგანიზაციის იურისტი ანა არგანაშვილი. მისი შეფასებით, სასამართლოს არგუმენტაცია იმდენად ფორმალურია, რომ შეიძლება ნებისმიერ სარჩელს შეუსაბამო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას PHR სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

„მწვანე პასპორტის“ რეჟიმი საქართველოში 1 დეკემბრიდან ამოქმედდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, რიგ დაწესებულებებში, მათ შორის რესტორნებში, კაფე-ბარებში, სასტუმროებში, სპორტდარბაზებსა და სხვა დაწესებულებაში შესასვლელად მოქალაქეებს ე.წ. მწვანე პასპორტი სჭირდებათ. ეს სტატუსი აქვს მოქალაქეს, თუ ორჯერადად აცრილია და მეორე აცრიდან არ არის გასული 6 თვე, თუ გაკეთებული აქვს ტესტი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ან თუ გადატანილი აქვს კორონავირუსი. თუკი მსოფლიოში კორონავირუსის ინფიცირებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ მოქალაქეს მწვანე სტატუსი აცრის გარეშე არ აქვს, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში განსხვავებული წესები მოქმედებს. კერძოდ, „მწვანე პასპორტი“ უვადოდო ეძლევათ იმ პირებსაც, რომლებსაც კორონავირუსი ერთხელ აქვთ გადატანილი.

მედიკოსების შეფასებით, კორონავირუსის გადატანა ადამიანს სამუდამო იმუნიტეტს არ უქმნის. "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტებმა ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ ქართველი და უცხოელი ექიმების კვლევებზე დაყრდნობით, ჩათვალეს, რომ უვადო "მწვანე პასპორტის" შემოღების გადაწყვეტილება მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეყრდნობა და მსგავსი მეთოდით პანდემიის მართვა სახიფათოა. მათ აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 29 ნოემბერს გაასაჩივრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG