Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დღეს შედით და მერე აღარ“ - „მწვანე პასპორტის“ პირველი დღე


დღეს, 1 დეკემბერს, „მწვანე პასპორტის“ რეჟიმი ამუშავდა და მთელი რიგი დაწესებულებების კარი დაიხურა მათთვის, ვისაც ეს დოკუმენტი არ ჰქონდა.

„კარგი, დღეს შედით და მერე აღარ“, - კონტროლიორმა, რომელსაც შემოწმება ევალებოდა, დარღვევაზე თვალები დახუჭა და ორი გოგო კაფეში „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეუშვა, თან თავისთვის ჩაილაპარაკა, - „რა ვიცი, არ გვანან კოვიდიანებს“.

დღეიდან მთელ რიგ დაწესებულებებში მხოლოდ იმ პირებს შეეძლებათ შესვლა, ვისაც „მწვანე პასპორტი“ აქვს, ანუ:

  • სრულად ვაქცინირებულ პირს;
  • პირს, რომელსაც აქვს 72-საათიანი მოქმედების PCR ტესტის, ან 24-საათიანი მოქმედების „სწრაფი ტესტის“ უარყოფითი პასუხი;
  • პირს, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

„მწვანე პასპორტი“ არ სჭირდებათ არასრულწლოვნებს და ობიექტზე დასაქმებულ პირებს. რაც შეეხება ყველა დანარჩენს, მათ ეს დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ, თუ უნდათ, რომ შეუშვან:

  • კვების ობიექტებში;
  • რესტორნების, კაფეებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში;
  • გასართობ ცენტრებში;
  • კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერასა და მუზეუმებში;
  • საკონცერტო დარბაზებში;
  • სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესობიექტებში;
  • სპა-ცენტრებში;
  • ფიტნეს-დარბაზებში;
  • სასტუმროებში;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

თბილისში „მწვანე პასპორტის“ ამოქმედების პირველი დღე წვიმიანი იყო, ამიტომ რესტორნების მეპატრონეებმა ბოლომდე ვერ გაარკვიეს, ხალხის სიმცირე უფრო წვიმისთვის დაებრალებინათ, თუ იმისთვის, რომ აუცრელები სახლში მომზადებული კერძების ამარა დარჩნენ.

„სხვათა შორის, იმაზე მეტი აცრილი გვყოლია, ვიდრე გვეგონა, - გვითხრა „დონატსის“ მენეჯერმა ანი კლიმიაშვილმა, - უბრალოდ ძველებურად ყველას ვეღარ მივიღებთ და ამით მაინც ვიზარალებთ“.

ტაბიძის ქუჩაზე, რესტორნებში ხალხი კანტიკუნტად ისხდა. რესტორან „ბერნარდში“ კი „მწვანე პასპორტის“ წამკითხველ აპლიკაციასთან ჰქონდათ პრობლემა და დარდობდნენ, ვინმე შემოგვეპარება და 10 ათასი ლარი ჯარიმა რატომ უნდა გადავიხადოთო.

„მწვანე პასპორტის“ წასაკითხად ძირითადად Covidpass-აპლიკაციას იყენებენ. მაგრამ „ბერნარდში“ კლიენტების შემოწმება კოვიდპასპორტის ონლაინ პორტალის QR წამკითხველით სცადეს და კარგადაც გაწვალდნენ. ერთი მობილური შტრიხკოდს საერთოდ ვერ აღიქვამდა, სხვა კი აღიქვამდა, მაგრამ პასპორტის მფლობელის ფოტოს არ აჩვენებდა. თუმცა ისეთი შემთხვევებიც იყო, როცა პროგრამამ მომხმარებლის ფოტოც აჩვენა და სტატუსიც.

„პროგრამა ურევს, ფოტოს გარეშე როგორ გავიგოთ ვინაა? იქნებ, სხვისი მობილურით შემოდის? სად გვაქვს მაგის დრო, ყველას პასპორტი და პირადობის ნომერი ვამოწმოთ. თან ჩვენთან ბევრი შვილიშვილთან ერთად მოდის. მოხუცებს გაუჭირდებათ ამ აპლიკაციებში გარკვევა. საზღვარგარეთ ინსპექტორები დადიან და ისინი ამოწმებენ პასპორტებს, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ დაკავებულები ამით?“, - კითხულობს რესტორნის მენეჯერი მაია ტუაევა.

66 წლის ქეთევანი ამბობს, რომ „მწვანე პასპორტი“ მართალია გაამზადა, მაგრამ ამაში სხვისი დახმარება დასჭირდა.

„თანამშრომელი შევიდა იქ, კოვიდ რაღაცაში და გადმომიწერა, ჩემი სურათია და კიდევ ოთხკუთხედივით რაღაც. ახლა ტელეფონში მაქვს. ჯერ არაფერში არ მადგება, მაგრამ თუ წავედი რესტორანში და მომთხოვეს, ვაჩვენებ“.

32 წლის დავითს „მწვანე პასპორტზე“ დარეგისტრირება თავიდან გაუჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, აპლიკაციაში შესვლა მაინც შეძლო.

„არ ვიცი, რა ჭირდა, კოდი არ მომდიოდა. ბოლოს როგორც იქნა დავრეგისტრირდი, მაგრამ რადგან ახლახან კოვიდი გადავიტანე, სტატუსი ჯერ მაინც არ მაქვს. რაღაც დრო უნდა გავიდეს“, - ამბობს ის.

თავისუფლების მოედანზე „გალერიაში“ შესვლა თავისუფალი იყო, „მწვანე პასპორტს“ მხოლოდ ბოლო სართულზე ითხოვდნენ, სადაც კაფეები და გასართობი ცენტრებია. ათკაციან რიგში ძირითადად ახალგაზრდობა იდგა, ბევრი პირდაპირ იქვე ცდილობდა მობილურში აპლიკაცია გადმოეწერა, კიდევ სხვამ შტრიხკოდი ქაღალდზე ამობეჭდილი და ცელოფანში გამოკრული მოიტანა.

სანაყინეში გვითხრეს, რომ წინა დღესთან შედარებით დღეს „გალერიის“ ბოლო სართულზე ხალხი ძალიან ცოტა იყო, თუმცა გასართობ ცენტრებში ცვლილება მაინცდამაინც არ შეუმჩნევიათ.

„ჩვეულებრივად მოვიდა ხალხი, ოთხშაბათობით აქცია გვაქვს ფილმებზე და შეიძლება იმიტომ“, - გვითხრა კინოთეატრის კაფეს მენეჯერმა.

„რა ვიცი, ბოულინგს არაფერი შეტყობია“, - მხრები აიჩეჩეს ბოულინგის დარბაზში, სადაც სამი გუნდი კეგლების წაქცევით იყო დაკავებული.

შრომის ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ „მწვანე პასპორტის“ რეჟიმის პირველ დღეებში რეკომენდაციებს გასცემენ. ინსპექციის წარმომადგენლები შეეცდებიან, დაეხმარონ როგორც ბიზნესს, ასევე მოქალაქეებს, რომ შეუფერხებლად გადმოწერონ ის სერვისები, რომელიც მათ „მწვანე პასპორტით“ პრობლემის გარეშე სარგებლობის საშუალებას მისცემს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG