Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რეჟიმის პარანოია გრძელდება", - წერს ნიკა მელია, რომელიც სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამომძიებლისგან მიღებულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მელიას სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხავენ.

"ჩემ წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე თქვენ მიერ საჯაროდ გაკეთებული კონკრეტული განცხადებების ირგვლივ საჭირო გახდა თქვენი მოწმის საკითხით გამოკითხვა, რა მიზნითაც გვსურს, ჩაგაბაროთ წერილობითი უწყება", - წერს მელიას გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი.

თავად ნიკა მელია ამბავს ასე ეხმაურება:

"რეჟიმის პარანოია გრძელდება. სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით, როგორ დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი - მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო".

საქმე სუს-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად) დაწყებულ გამოძიებას ეხება.

ამ საქმის მიხედვით, უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დროს, "ხელის შეშლის მიზნით, იგეგმებოდა დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, ქაოსის და უკონტროლო სიტუაციის შექმნა".

XS
SM
MD
LG