აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, მოსკოვში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს მიეცეთ ვიზები. ამის შესახებ Washington Post-ი იტყობინება სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით.
დამტკიცების შემთხვევაში ეს შეთანხმება შესაძლებელს გახდის, საქმიანობა განაახლოს საელჩოს სხვადასხვა ქვედანაყოფმა, მათ შორის საკონსულო განყოფილებამ, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში შეწყვიტა მოქმედება პერსონალის რაოდენობის მკვეთრი შემცირების გამო. საელჩოს თანამშრომელთა რიცხვი შემცირდა იმის გამო, რომ ორი ქვეყანა ვერ შეთანხმდა ორივე ქვეყანაში საელჩოთა თანამშრომლების მუშაობის პირობებზე.
ხუთი წლის წინ მოსკოვში აშშ-ის საელჩოში 1200 ადამიანი მუშაობდა, დღეს - 120. მაისში რუსეთმა აშშ არამეგობრულ ქვეყნად გამოაცხადა და აშშ-ის დიპლომატიურ მისიაში მუშაობა აუკრძალა რუსეთის მოქალაქეებს, რამაც შტატები 200 ადამიანით შეამცირა. არსებული წესების შესაბამისად, აშშ-ს უფლება აქვს, საელჩოს თანამშრომელთა რიცხვი 455-მდე გაზარდოს, მაგრამ მოსკოვი რამდენიმე თვის განმავლობაში უარს ამბობს საელჩოს თანამშრომლებისთვის ვიზების მიცემაზე.
უკანასკნელ დღეებში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აშშ-ის საელჩოს იმ თანამშრომლებს, რომლებმაც სამ წელზე მეტ ხანს იმუშავეს რუსეთში, 31 იანვრამდე დატოვონ ქვეყანა. ეს გადაწყვეტილება პასუხი იყო აშშ-ის მსგავს ნაბიჯზე, რომელიც ადრე გამოცხადდა. ვაშინგტონი აცხადებს, რომ რუსეთს შეუძლია წასული თანამშრომლების მაგივრად ახლები გამოგზავნოს.
სახელმწიფო დეპარტამენტში Washington Post-ის წყაროების თანახმად, თუკი საელჩოს შტატების შევსების პრობლემა უახლოეს ხანებში არ გადაიჭრება, ის იძულებული გახდება, ფაქტობრივად შეწყვიტოს საქმიანობა.
დაწერეთ კომენტარი