Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპმა ფრანცისკემ დაგმო ევროპაში მიგრაციის საკითხზე დაპირისპირება და პოპულიზმი


პაპი ფრანცისკე ათენის საერთაშორისო აეროპორტში. 4 დეკემბერი.
პაპი ფრანცისკე ათენის საერთაშორისო აეროპორტში. 4 დეკემბერი.

პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ ევროკავშირის ნაციონალისტური დაპირისპირებების გამო არასათანადო კოორდინაციაა მიგრაციის საკითხებში. ეს განცხადება მან დღეს გააკეთა საბერძნეთში ვიზიტის დაწყებისას, რომლის მიზანია ურთიერთობების გაუმჯობესება ბერძნულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

ევროპული თანამეგობრობა „განაგრძობს ლოდინს“ და „ზოგჯერ დაბორკილი და არაკოორდინირებული ჩანს“ იმის ნაცვლად, რომ „სოლიდარობის ძრავა“ იყოს მიგრაციის საკითხებში, თქვა პაპმა 4 დეკემბერს ათენში, პოლიტიკური და კულტურული ლიდერების წინაშე გამოსვლისას.

მისი თქმით, პოპულიზმისა და ავტორიტარიზმის „იოლი პასუხები“ ევროპაში საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. პაპი გამოვიდა მეტი თავდადების მოწოდებით საერთო სიკეთისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ და პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი.

თავის გამოსვლაში ფრანცისკეს არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყნები ან ლიდერები. მისი განცხადების ფონია ევროკავშირის ხელმძღვანელობის დიდი ხნის დაპირისპირება უნგრეთისა და პოლონეთის ნაციონალისტურ და ევროსკეპტიკურ მთავრობებთან. დაპირისპირების მთავარ საკითხებს შორისაა ქალების, ლგბტ პირთა და მიგრანტთა უფლებები, ასევე მედიის თავისუფლება, სასამართლო სისტემა და აკადემიური სფერო.

84 წლის ფრანცისკეს ვიზიტი ათენში პაპის პირველი სტუმრობაა მას შემდეგ, რაც 2001 წელს საბერძნეთში იმყოფებოდა პაპი იოანე პავლე II. თავის მხრივ, ათენში ამ უკანასკნელის ვიზიტი პირველი იყო კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის 1054 წელს მომხდარი დიდი სქიზმის შემდეგ.

XS
SM
MD
LG