ბელარუსში დაკავებულ რუსეთის მოქალაქე სოფია საპეგას საბოლოო ბრალდება წაუყენეს, მას ექვსი წლით პატიმრობა ემუქრება. საპეგა და მისი მეგობარი, ბელარუსელი ოპოზიციონერი ბლოგერი, რამან პრატასევჩი მაისში დააკავეს მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, იძულებით დასვეს მინსკში.
როგორც BBC იტყობინება, საპეგას საქმე მალე გადაეცემა მინსკის სასამართლოს. მას ბრალდება წაუყენეს „შუღლის გაღვივების“ მუხლით. ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, საპეგა იყო Telegram-ის არხ „ბელარუსის შავი წიგნის“ ადმინისტრატორი. ამ არხში ოპოზიციის მომხრეები აქვეყნებდნენ ძალოვანი უწყებების პირად მონაცემებს.
დაპატიმრების შემდეგ ბელარუსის სახელმწიფო არხებმა აჩვენეს ვიდეო, რომელშიც საპეგა ამბობს, რომ ამ არხს უძღვებოდა. 6 წლით პატიმრობა მინიმალური ვადაა ამ ბრალდებისთვის, გამოძიებასთან სასამართლომდე შეთანხმების გათვალისწინებით.
როგორც BBC-ის წყარო იტყობინება, სოფია საპეგა პარასკევს გამოიძახეს საგამოძიებო უწყებაში. მანამდე, 20 ოქტომბრიდან, ის შინაპატიმრობაში იმყოფებოდა ქალაქ ლიდაში, მშობლების ბინაში, სადაც არის ჩაწერილი. მშობლები იძულებული გახდნენ, ბინა დაეტოვებინათ და არა აქვთ ქალიშვილთან კავშირი.
23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში ახორციელებდა რეისს, აიძულა, დამჯდარიყო მინსკში. საპეგა და პრატასევიჩი, რომლებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ, დააკავეს და შემდეგ დააპატიმრეს. მათ მასობრივი არეულობების ორგანიზებაში დასდეს ბრალი. ივნისში, მას შემდეგ, რაც ბელარუსის ტელევიზიით რამდენჯერმე აჩვენეს პრატასევიჩის გამოსვლები, რომლებშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებდა, ის და საპეგა წინასწარი დაკავების საკნებიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. პრატასევიჩის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
პრატასევიჩისა და მისი მეგობარი ქალის დაპატიმრებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა დასავლეთში. ინციდენტს უწოდეს თვითმფრინავისა და ადამიანების გატაცება. მომხდარის გამო მინსკს ახალი სანქციები დაუწესდა.