Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ზუგდიდის მერიასთან აქციას მართავს


გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის ოფისიდან ზუგდიდის მერიამდე, სადაც ამ წუთებში არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “გაყალბებული არჩევნების” გამო ზუგდიდის საკრებულოში შექმნილ კრიზისს, რომლის პირველ სხდომაზე საკრებულოს ხელმძღვანელი პირების არჩევა ვერ მოხერხდა.

ენმ-ის წევრი, პარლამენტარი ანა წითლიძე აცხადებს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემდეგ, სხდომაზე გადაწყვიტა ზუგდიდის საკრებულოს ბედი, როცა ერთ ოლქში, სადაც “გამარჯვებული ენმ-ის კანდიდატი იყო, შედეგები "ქართული ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ შეცვალა”.

“დამარცხებულმა “ქართულმა ოცნებამ” თადარიგი დაიჭირა და მირანდა მესხის (ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე) წყალობით ერთ გამარჯვებულ ოლქში მანდატი წაგვართვა. “ქართულმა ოცნებამ” იცოდა, რომ ეს წართმეული მანდატი მას არ ჰყოფნიდა უმრავლესობისთვის, მაგრამ ჩვენ გვაკარგვინებდა უმრავლესობას. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ჩვენ ერთი მანდატი გვაკლია სრული უმრავლესობისთვის, ანუ თავმჯდომარის ასარჩევა, "ქართულ ოცნებას" - 3. ეს პოლიტიკური კრიზისი საკრებულოში აისახება თითოეული ზუგდიდელის ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე. ამ კრიზისის შემქმნელი არის "ქართული ოცნება", რომელმაც გამარჯვებულ ოლქში საოლქოს წყალობით მანდატი წაართვა ზუგდიდელებს. ამიტომ “არჩეულმა მერმა” უნდა იცოდეს, რომ ის მშვიდად ვერ დაჯდება კაბინეტში”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მეთერთმეტე ოლქის უბნების ბათილი ბიულეტენების გადათვლის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ 12, „გახარია - საქართველოსთვის“ 2 და „ნაციონალურ მოძრაობას“ 1 ხმა დაემატა. ხელახლა დათვლის შედეგად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვა.

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულო ქვეყნის მასშტაბით იმ შვიდ საკრებულოს შორისაა, რომლებშიც მმართველ პარტიას უმრავლესობა არ აქვს. საკრებულოში 22 მანდატით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა" წარმოდგენილი, 20-ით -"ქართული ოცნება", ხოლო 3-ით - "გახარია - საქართველოსთვის".

საკრებულომ 3 დეკემბერს პირველ სხდომაზე, კვორუმის არქონის გამო, ვერ აირჩია საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.

ოპოზიციის - “ნაციონალური მოძრაობიდან” 22 დეპუტატის და პარტია “საქართველოსთვის” 3 წევრის მიერ საკრებულოს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ, მუნიციპალურ ორგანოში “ქართული ოცნების” 20 დეპუტატი დარჩა. მიუხედავად პროტესტისა, ოპოზიციამ დარბაზის დატოვებამდე ზუგდიდის საკრებულოს ახალი წევრების უფლებამოსილება ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG