Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაირკვა საქართველოს ჩოგბურთის ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ATP CUP-ზე


პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია (ATP) 2022 წლის სეზონს გუნდური შეჯიბრებით გახსნის. „ATP CUP“ - ასე ეწოდება ტურნირს, რომელიც 1-9 იანვარს სიდნეიში გაიმართება და რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს თექვსმეტი ქვეყნის მამაკაცთა ნაკრებები. მათ შორის საქართველოც.

„ATP CUP“-ის მონაწილე გუნდები შეირჩნენ ქვეყნის საუკეთესო ჩოგბურთელის რეიტინგის მიხედვით. საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში ოცდამეორე ადგილზეა, მაგრამ საუკეთესო თექვსმეტში მოსახვედრად ესეც ეყო, რადგან მის წინ მყოფ მოთამაშეთაგან რამდენიმე ერთი ქვეყნიდანაა. საქართველო სატურნირო განაცხადში მეთოთხმეტე ნომრად მოხვდა. მეთხუთმეტე ამერიკის შეერთებული შტატებია, ხოლო მეთექვსმეტე - ავსტრალია, რომელიც შეჯიბრებაზე მასპინძლის სტატუსით დაუშვეს.

კენჭისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა და ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთს, პოლონეთსა და არგენტინას დაუპირისპირდება. ბერძნების პირველი ნომერი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი სტეფანოს ციციპასია, პოლონეთს ჰუბერტ ჰურკაცი (9) ლიდერობს, ხოლო არგენტინას - დიეგო შვარცმანი (13).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, სავარაუდოდ, იქნებიან ალექსანდრე მეტრეველი (569), ალექსანდრე ბაკში (850), ზურა ტყემალაძე და საბა ფურცელაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG