Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ლიდერები სააკაშვილის შეთავაზებული შერიგების საფუძვლებს ვერ ხედავენ


„ქართული ოცნების“ ლიდერები პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეროვნული შერიგებისკენ, როგორც გამოსავლისკენ, მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მიუხედავად იმისია, რომ ეროვნული შერიგებაც უნდა შედგეს და თაობაც შეიცვალოს, საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიესალმება "შერიგების ფორმატში" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ამის თაობაზე გია ვოლსკიმ პარლამენტში მედიასთან საუბარში განაცხადა.

"არსებობს "ნაციონალური მოძრაობა" და მათი გეგმა დესტაბილიზაციის და რევოლუციის. ამ ვითარებაში ყოველგვარ შერიგებაზე ლაპარაკი არის მლიქვნელობა, ერთი მხრივ, რომ ვინმეს თავი მოაწონო და მეორე მხრივ, რეალური გეგმების შეფუთვის საჭიროება. შერიგებას მუშაობა სჭირდება გარკვეულ საკითხებზე. პიროვნული ურთიერთობების აღდგენა, გამყარება და ჩახუტება, ეს ის რესურსი არ არის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, „შერიგების საფუძველი არის სინანული და მონანიება“, რის „ვერანაირ ნიშანწყალსაც ვერ ვხედავთ“.

„მით უმეტეს, სააკაშვილის გამოსვლებით, უფრო მეტიც, ის იმუქრება კიდეც. როდესაც დამნაშავე გემუქრება, ასეთ დროს შერიგებაზე საუბარი ზედმეტია, მათ უნდა გადახედონ საკუთარ დანაშაულს, უნდა აღიარონ და მოინანიონ დანაშაულები, მათ შორის, ის უმძიმესი კორუფციული დანაშაულები, რაზეც ბოლო პროცესზე იყო საუბარი. ასეთ შემთხვევაში, თეორიულად დასაშვებია ფიქრი რაიმე ტიპის შერიგებაზე, მაგრამ ჩვენ ამის რაიმე ტიპის იმედი არ გვაქვს და ოპტიმიზმის არავითარი საფუძველი არ გვაქვს. მათ ბუნებაში არ ზის არც სინანული და არც მონანიება, ისინი ელემენტარულად ამას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საშუალებით მორიგი მიმართვა გაავრცელა. რომელშიც წერდა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად კი სააკაშვილი "ეროვნულ შერიგებას" ასახელებდა.

"უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

"დიდი შერიგების" იდეით სააკაშვილი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვიდა.

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ "აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG