Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭომ რუსეთს მოუწოდა შეჩერდეს "მემორიალის" ლიკვიდაციის პროცესი


დუნია მიატოვიჩი
დუნია მიატოვიჩი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარემ, დუნია მიატოვიჩმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, შეწყვიტოს უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალისა“ და „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაციის პროცესი.

მიატოვიჩმა გენერალური პროკურორის, იგორ კრასნოვის სახელზე გაგზავნილ წერილში შეშფოთება გამოხატა რუსეთის „უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონის საფუძველზე ორი ავტორიტეტიანი ორგანიზაციის დევნის გამო.

კომისიის თავმჯდომარემ ითხოვა, შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან. როგორც მიატოვიჩმა შეახსენა რუსეთს, ადრე სხვადასხვა ორგანიზაციამ მიიჩნია, რომ რუსეთის კანონი წინააღმდეგობაშია სამოქალაქო საზოგადოების პირობებთან. ის დიდწილად ერევა შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებაში, ასევე ახდენს შესაბამისი პირების მარგინალიზაციას.

მიატოვიჩმა სინანული გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს სიტყვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას.

საერთაშორისო ისტორიულ-საგანმანათლებლო, საქველმოქმედო და უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ 2016 წელს შეიტანეს „უცხოეთის აგენტების“ სიაში.

მიმდინარე წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მოხდეს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო მემორიალის“ ლიკვიდაცია. ასევე მოსკოვის პროკურატურამ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ლიკვიდაციის თაობაზე, ორგანიზაციის მიერ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის სისტემატური დარღვევის გამო. კერძოდ, ორგანიზაციას ედავებიან იმას, რომ ის თავის მასალებს არ უკეთებს მარკირებას, რომ ისინი „უცხოეთის აგენტის“ მიერაა მომზადებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG