Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი ონლაინშეხვედრას მართავენ


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბადენმა და ვლადიმირ პუტინმა, დაიწყეს ონლაინშეხვედრა. საუბარი მიმდინარეობს დაძაბულობის მკვეთრი გამწვავების ფონზე უკრაინასთან დაკავშირებით. დასავლეთის ქვეყნები და კიევი მიიჩნევენ, რომ მოსკოვი შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინტერვენციას ამზადებდეს.

პუტინი სოჭში იმყოფება, ბაიდენი ვაშინგტონში, თეთრ სახლში.

საუბარი პრესისგან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოლაპარაკებების თაობაზე ერთობლივი განცხადების გაკეთება არაა დაგეგმილი.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა მოლაპარაკებების დაწყებამდე, ონლაინშეხვედრა პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ „ხაზი გაუსვას აშშ-ის შეშფოთებას უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობასთან დაკავშირებით და მორიგ ჯერზე დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“.

მისივე თქმით, შეერთებული შტატების მიზანია, დაარწმუნოს რუსული მხარე, შეწყვიტოს უკრაინის საზღვარზე სამხედროების მობილიზება.

გარდა ამისა, თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში ბაიდენი და პუტინი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხს შეეხებიან, მათ შორის, სტრატეგიულ სტაბილურობას, რეგიონულ საკითხებსა და სხვა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინის სასაუბრო თემები იქნება უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობა და ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ.

დმიტრი პესკოვისვე ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ისაუბრებენ ასევე ავღანეთში შექმნილ სიტუაციაზე, ლიბანის, ირანისა და სირიის საკითხზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG