Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანმა სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები დანიშნა - რუსთაველის თეატრს კვლავ რობერტ სტურუა უხელმძღვანელებს


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ განაცხადა:

მინისტრის გადაწყვეტილებით, რეზო გაბრიაძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი და მსახიობი ლევან გაბრიაძე, ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელად – რეჟისორი, მსახიობი და დრამატურგი გელა კანდელაკი, ხოლო შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად – რობერტ სტურუა. სამივე ამავე თეატრების მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელია. მათ ამ პოზიციაზე ყოფნის ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდათ.

კულტურის მინისტრმა პროფესიული თეატრების შესახებ საქართველოს კანონის მეათე მუხლის მერვე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიყენა დისკრეციული უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, უკონკურსოდ დაენიშნა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები. იმის შესახებ, რომ მინისტრი ამ უფლების გამოყენებას აპირებდა თეატრების ხელმძღვანელობის დანიშვნისას, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას 3 დეკემბერს თქვა.

დღესვე კონკურსი გამოცხადდა გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის, აკაკი წერეთლის სახელობის ჭიათურის დრამატული თეატრისა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად. დანარჩენ 14 თეატრში კონკურსები ეტაპობრივად გამოცხადდება.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში 29 თეატრი მოქმედებს. მათგან 21 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს 2022 წლის პირველ იანვარს გასდის უფლებამოსილების ოთხწლიანი ვადა.

დღეს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კვლავ შეიზღუდა მედიის დასწრება - ტვ პირველის ჟურნალისტს უარი უთხრეს დასწრებოდა მინისტრის ბრიფინგს. კულტურის სამინისტროში ბრიფინგზე ტელეკომპანია „მთავარის” და „პირველის” ჟურნალისტები არ შეუშვეს არც 22 ნოემბერს.

XS
SM
MD
LG