Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილებს არ შეხვდა


პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის აქციის მონაწილეებთან შეხვედრისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილებს „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა მიმართა. „სამწუხაროა“- თქვა მან და დასძინა, რომ აქციის ორგანიზებისას არავის ჰქონდა იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეთა მოთხოვნას მხედველობაში მიიღებდა და მათ წამომადგებლებს შეხვდებოდა.

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გამართეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი სამოქალაქო პლატფორმის და პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა.

„ვწუხვარ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამომრჩევლი არ ვარ, ვწუხვარ, რომ მან ეს შანსი არ გამოიყენა. მარტივად შეეძლო გასაუბრებოდა, დალაპარაკებოდა ადამიანებს, მათთვის მოესმინა და ეთქვა, რომ ის ქვეყნის ყველა მოქალაქეს ესაუბრება, მის ამომრჩეველს, არა მის ამომრჩეველს და დემოკრატიის რაღაცნაირი ფასადური სანახაობა შეექმნა. მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არ უნდა იმიტომ, რომ არავის მიუცია ამის უფლება. ძალიან ვწუხვარ“, - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით აქვს ისტორიული შანსი, ქვეყანაში არსებული კრიზისი დაასრულოს და ეროვნული შერიგების იდეის განხორციელებას შეუწყოს ხელი.

სამოქალაქო პლატფორმის წევრები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას და პირისპირს საუბარს მოითხოვდნენ, რისთვისაც მას დრო 15:00 საათამდე მისცეს.

პრეზიდენტის სასახლესთან აქცია ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიშალა. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილების თქმით, საპროტესტო გამოსვლები შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება.

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საშუალებით მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად კი სააკაშვილი "ეროვნულ შერიგებას" ასახელებდა.

"დიდი შერიგების" იდეით სააკაშვილი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვიდა.

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ "აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე“.

„ქართული ოცნების“ ლიდერები პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეროვნული შერიგებისკენ, როგორც გამოსავლისკენ, მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG