Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან აქცია იმართება


საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი სამოქალაქო პლატფორმის და პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები აქციას მართავენ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით აქვს ისტორიული შანსი, ქვეყანაში არსებული კრიზისი დაასრულოს და ეროვნული შერიგების იდეის განხორციელებას შეუწყოს ხელი.

სამოქალაქო პლატფორმის წევრები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას და პირისპირს საუბარს მოითხოვენ, რისთვისაც მას დროს 15:00 საათამდე აძლევენ.

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, აქციაზე შეკრებილი არიან ერთმანეთისგან იდეოლოგიურად განსხვავებული ადამიანები, მათ შორის ისეთებიც, ვინც არ იზიარებს სააკაშვილის პოლიტიკურ ხედვებს.

ჟორჟოლიანმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც წაუკითხა, რომელიც, მისი თქმით, ცოტა ხნის წინ მიიღო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან. პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი იქ საპროტესტო შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო სამედიცინო კურსს გადის.

„ჩემო ძვირფასო, თავისუფალო თანამოქალაქენო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ერთმანეთს გვერდით დაუდექით ის ხალხი, ვისაც თავის დროზე ვაწყენინე, ვისაც დავეხმარე, ვინც მეთანხმება და ვისთვისაც მიუღებელია ჩემი იდეები ან საერთოდ ნაკლებად ინტერესდება ამით... ჩვენ, ჩემი მოკრძალებული აზრით, უნდა ვისაუბროთ თავისუფლებაზე, თავისუფალ არჩევნებზე, თავისუფალ სასამართლოზე, თავისუფალ პროკურატურაზე, თავისუფალ მედიაზე და ზოგადად ძალადობისგან თავისუფლებაზე.“

მიხელ სააკაშვილის განცხადებით, მას არავითარი თანამდებობის სურვილი არ ამოძრავებს: „თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ კოალიციურ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი უკრაინის, ალბანეთის, შუა აზიის მთავრობებს, ეს არის და ეს."

სააკაშვილის თანახმად, უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა, "მე დავკავდები ინვესტიციების მოზიდვით ლაზიკაში და განათლებაში".

მიხეილ სააკაშვილი წარმატებებს უსურვებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილ ადამიანებს.

"დღეს ძალიან ბევრი ნიჭიერი, შეიძლება ითქვას, გენიალური ადამიანი შეიკრიბა ორბელიანის სასახლესთან. თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით სულ უფრო მეტი ხალხი შეგიერთდებათ. იმიტომ, რომ თქვენ გამოძრავებთ კეთილშობილური მოტივები, ქვეყნის სიყვარული, ღირსება და სიამაყე და აუცილებლად გაიმარჯვებთ. მე ვფიქრობ, რომ წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ, წარმატებები თქვენ და მთელ საქართველოს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკის საშუალებით მორიგი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება. ვითარებიდან საუკეთესო გამოსავლად კი სააკაშვილი "ეროვნულ შერიგებას" ასახელებდა.

"დიდი შერიგების" იდეით სააკაშვილი თავდაპირველად ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოვიდა.

14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოგზავნილი წერილი, რომელშიც ის წერდა, რომ "აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე“.

„ქართული ოცნების“ ლიდერები პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას ეროვნული შერიგებისკენ, როგორც გამოსავლისკენ, მლიქვნელობად და რეალური გეგმების შეფუთვად აფასებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1 ოქტომბერს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG