Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: თქვენს ბელად სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია თურმე და ციხეში ტყუილად ზის


თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს და მოუწოდებს, კონკურენციის მიუხედავად, შეეცადონ, ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

„შესაძლოა, არ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა, მაგრამ ოპოზიციასთან თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ქვეყანას და თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს:

„მქონდა წარმოდგენა, რომ ყველაფრის მიუხედავად, შეძლებდნენ, იყვნენ კონსტრუქციული, რადგან ამ ქალაქის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მათ დაუჭირა მხარი და მისცა შესაძლებლობა, რომ დედაქალაქში მათი ინტერესები დაიცვან და სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ჩაერთონ. შესაძლოა, ამგვარ ერთიანობას, პასუხისმგებლობიან, პატრიოტულ მიდგომას დღეს ჩემთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ოდესმე, რადგან არც ჩვენს ქვეყანას, არც ჩვენს ხალხს და არც თბილისს დასაკარგი დრო აღარ აქვს“.

კახა კალაძის განცხადებით, თანამშრომლობისკენ არაერთი მოწოდების მიუხედავად, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კვლავ დესტრუქცია და ცილისწამების მცდელობებია.

„გუშინ მე, როგორც ქალაქ თბილისის არჩეულმა მერმა, მივმართე თბილისის საკრებულოს დეპუტატებს და ვთხოვე, გავერთიანდეთ ჩვენი ქალაქის, აქ მცხოვრები ნებისმიერი წარმომავლობის, აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულების თითოეული ადამიანის ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რისთვისაც თბილისელებმა გამოგვიცხადეს ნდობა, თუმცა, მათი მხრიდან მივიღეთ დესტრუქცია, შეურაცხყოფა, ცილისწამება და მცდელობები, რომ საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში. ცხადია, ამის შესაძლებლობას მათ არასდროს მივცემთ. მათ სიცრუეს ყოველთვის მოჰყვება კონკრეტული პასუხები არგუმენტაციითა და ფაქტებით. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ყველა ოპოზიციონერს. იყვნენ ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ კრიტიკული კითხვები, თუმცა, ჩარჩოებში და შეურაცხყოფის მიყენების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მე გულწრფელი სურვილი მქონდა და მაქვს, ამ ქალაქის განვითარებაში იყოთ ჩართული და დიახ, თქვენ ამ საზოგადოების რადიკალურ, თუმცა, მაინც განუყოფელ ნაწილს წარმოადგენთ, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ თქვენ კვლავ დესტრუქციის, კვლავ ცილისწამების გზას ირჩევთ. თქვენ ხართ ის ხალხი, იმ გუნდის წარმომადგენლები, ვინც ცხრა წლის განმავლობაში, მთელი ქვეყანა ტერორში აცხოვრა... თქვენს ბელად სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია თურმე და ციხეში ტყუილად ზის. ის სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს ეძახის და რომელიც უტიფრად აცხადებს, რომ თვითონ არის წამების მსხვერპლი, საწყალი, რადგან საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს თურმე მას თრგუნავს. აი, ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და როგორც ჩანს, ასეთებად დარჩებით ყოველთვის“, - მიმართავს კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს.

7 დეკემბერს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის წევრებს ნდობა გამოუცხადა. მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების უფროსებისა და რაიონული გამგებლების კანდიდატურები საკრებულოს წევრებს თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა.

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG