საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში საპროტესტო შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის, მიმართვის წერილს ავრცელებს. ის წერს, რომ დეკემბერში ძალიან დიდი აქციისთვის ემზადებიან.
სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი კატასტროფულ სიტუაციაშია - გაზრდილია საბანკო საპროცენტო განაკვეთები, ქვეყნიდან გაედინება სამუშაო ძალა, მმართველი პარტია პრაქტიკულად დამარცხდა ბოლო სამ არჩევნებში, ხელისუფლებას აქვს მძაფრი საერთაშორისო კრიტიკა. ამ ფონზე კი „ქართული ოცნება“ ცდილობს მისი გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნების თემიდან ყურადღების გადატანას „სადამსჯელო რაზმების“ გაძლიერებით.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოკავშირეა "საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა".
„რიგგარეშე არჩევნების თემაზე დაბნეულობის შემოსატანად შემოაგდო 2%-იანი ბარიერის თემა და ჩემ შემთხვევაში - საავადმყოფოში გადაყვანის. ასევე იქირავა "ექსპერტები", რომელთა მთავარი თემაა, რომ თურმე სააკაშვილის თემა ხელს უშლის ოპოზიციის ძირითად პროგრამას.
ახლა მისი მთავარი მოკავშირეა საახალწლო გოჭი და საცივი და ხალხის ამ თემებზე გადართვა. ამ ყველაფრით მას სურს ტემპერატურის დაგდება, ფრუსტრაციის და პასიურობის დანერგვა. ამის პარალელურად ემზადება გვარამიას, ხაზარაძის დასაჭერად და მედიის დასახურად.
რით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ? - პირველ რიგში, არ უნდა წამოვეგოთ მთავარი მიმართულებიდან გადაყვანას. მეორე, აუცილებლად უნდა ავუხსნათ ხალხს რაზე ვთანხმდებით. ჩემის აზრით, ეს არის დეცენტრალიზაცია ე.ი. ნამდვილი ადგილობრივი თვითმმართველობის შემოტანა და მეორეს მხრივ თავისუფლება - არჩევანის, სასამართლოს, პროკურატურის, მედიის და თავისუფლება ძალადობისგან.
ჩვენ გვჭირდება მუდმივი წინააღმდეგობის კერები ადგილებზე, მაგრამ ყოველთვის კონკრეტულ თემებთან ერთად, ორი ძირითადი მიზნის გათვალისწინებით - არჩევნები და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ვემზადებით ძალიან დიდი აქციისთვის დეკემბერში იმისათვის, რომ ხალხმა შვებით ამოისუნთქოს. საქართველოს სჭირდება ფართო შეთანხმება და დიდი გადატვირთვა. ძალა ერთობაშია!“- წერს მიხეილ სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.
დაწერეთ კომენტარი