აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შესავალი სიტყვით გახსნა თეთრი სახლის მიერ ორგანიზებული სამიტი, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების საკითხებს ეძღვნება.
ონლაინ რეჟიმში მიმდინარე განხილვის დროს, ჯო ბაიდენმა შეშფოთება გამოხატა მთელ მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტების გამო და მსოფლიო სახელმწიფოთა ლიდერებს მოუწოდა, „მხარი მხარს მისცენ“, რათა აჩვენონ, რომ დემოკრატია შესაძლებელია.
აშშ-ის ადმინისტრაციის მეთაურმა სამიტის მონაწილეებს მიანიშნა „გარდამტეხ მომენტსა“ და აუცილებლობაზე, რომ გაორმაგდეს ძალისხმევა დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით ჯო ბაიდენმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ ამჟამად არსებული ტენდენცია „არასწორი მიმართულებით ვითარდება“ და დასძინა, რომ „დემოკრატია დამცველებს საჭიროებს“.
ონლაინ სამიტზე, რომელიც ისტორიაში პირველი ამგვარი ფორუმია, 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებმა მიიღეს მიწვევა. რუსეთი მათ შორის არ არის.
მიწვეული ქვეყნების უმრავლესობას (77) შეადგენენ ქვეყნები, რომლებიც, ადამიანის უფლებების დამცველი ავტორიტეტიანი ორგანიზაცია Freedom House-ის კლასიფიკაციის მიხედვით, „თავისუფალ“ ან სრულად დემოკრატიულ კატეგორიას განეკუთვნებიან. მათში შედის ევროკავშირის უმრავლესობა. 31 ქვეყანა შედის „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში (მათ შორის არიან, მაგალითად, საქართველო და უკრაინა), 3 – „არათავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში. ზოგიერთი ქვეყნის მიწვევამ უფლებადამცველებს შეკითხვები გაუჩინა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა, რომ მიწვევა არ ნიშნავს აშშ-ის მხრიდან მოწონებას და პირიქით - თუკი ქვეყანა მიწვეული არ არის, ეს აუცილებლად არ მოასწავებს, რომ ვაშინგტონი მას ავტორიტარულად მიიჩნევს. მაგალითად, სამიტზე არ არიან მიწვეული ნატოს წევრი თურქეთისა და უნგრეთის ლიდერები, სამაგიეროდ მიწვეული არიან პაკისტანის, ფილიპინებისა და ბრაზილიის წარმომადგენლები.
გარდა ამისა, სამიტში მონაწილეობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - უფლებადამცველები, ჟურნალისტები, კორუფციისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლები.
დემოკრატიული ქვეყნების ლიდერთა სამიტის დღის წესრიგის სამი მთავარი საკითხია: მსოფლიოში ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანის უფლებების დაცვა. სამიტი ტარდება ბაიდენის საარჩევნო დაპირების ფარგლებში, რომ ის მთელ მსოფლიოში გააღრმავებს დემოკრატიას ავტორიტარული მთავრობების მომძლავრების ფონზე.