Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი მხარს უჭერს უკრაინის ნატოსკენ სწრაფვას და მზად არის დაეხმაროს კიევს „მინსკის შეთანხმებების“ რეალიზებაში"


ბაიდენ-ზელენსკის შეხვედრა 2021 წლის 1 სექტემბერს
ბაიდენ-ზელენსკის შეხვედრა 2021 წლის 1 სექტემბერს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის ლიდერთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს ნატოში გაწევრიანებისკენ უკრაინის მიერ აღებულ კურსს და, ასევე, მზად არის შეეხიდოს კიევს მინსკის შეთანხმებათა რეალიზების საქმეში. ამის შესახებ ორი ლიდერის სატელეფონო საუბრის კომენტირების დროს თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.

ჯო ბაიდენი „უსიტყვოდ უჭერს მხარს ალიანსში უკრაინის გაწევრიანების სწრაფვას“, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, უკრაინა უნდა შეესაბამებოდეს იმ კრიტერიუმებს, რომელიც ნატოს პოტენციურ წევრებს მოეთხოვებათ.

„აშკარაა, რომ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა და ნატოს ხელმძღვანელობამ უნდა განსაზღვრონ, თუ როგორ გამოიყურება ალიანსის შემადგენლობაში უკრაინის შესვლის] შემდგომი გზა“, - დასძინა ჯენ საკიმ.

ჯო ბაიდენთან გამართული სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ მოკლე ცნობა გაავრცელა ტვიტერით უკრაინის პრეზიდენტმა, მაგრამ არ დაუზუსტებია, თუ რა საკითხებს შეეხებოდა ამერიკელ კოლეგასთან გამართული საათნახევრიანი საუბრის შინაარსი.


აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 დეკემბერს გამართეს სატელეფონო საუბარი, ორ დღეში მას შემდეგ, რაც ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის ვირტუალური სამიტი გაიმართა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების საშიში კონცენტრაციისა და კრემლის მორიგი მოსალოდნელი აგრესიის შესახებ დასავლეთში გაჩენილი მზარდი შეშფოთების ფონზე.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ოფიციალური ცნობის თანახმად, უკრაინელ კოლეგასთან საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და „ხაზი გაუსვა აშშ-ის მზადყოფნას, მინსკის შეთანხმებების რეალიზების მხარდასაჭერად მონაწილეობა მიიღოს ნორმანდიულ ფორმატში ნდობის გამტკიცებისკენ მიმართულ საქმიანობაში“.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაარწმუნა ზელენსკი, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება უშუალოდ კიევის მონაწილეობით.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს: "არავითარი დისკუსია და გადაწყვეტილება უკრაინაზე, უკრაინის გარეშე"“, - ნათქვამია თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG