Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში დააკავეს ორი ეჭვმიტანილი, რომლებიც იძულებითი ქორწინების მიზნით გოგოებს იტაცებდნენ


აიზადა კანატბეკოვა
აიზადა კანატბეკოვა

ყირგიზეთის ჯალალ-აბადის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ორ ადგილობრივ მცხოვრებს, რომლებიც იძულებითი ქორწინების მიზნით გოგოების მოტაცებაში არიან ეჭვმიტანილი.

როგორც გამოძიება ამტკიცებს, ეჭვმიტანილებმა ცოტა ხნის წინ ამ მიზნით ბაზრა-კორგონის რაიონის ერთ-ერთი სასწავლებლის სტუდენტი, 17 წლის გოგო მოიტაცეს. ამ ინციდენტის შესახებ 8 დეკემბერს ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა თვითმხილველმა, რომელიც შეესწრო, თუ როგორ ჩასვა იძულებით რამდენიმე ბიჭმა გოგო თეთრი ფერის „დეუ მატიზის“ ფირმის მანქანაში.
დაზარალებული მშობლებს უკვე დაუბრუნეს.


ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ყირგიზეთის ჯალალ-აბადის ოლქში წლის დასაწყისში ადგილი ჰქონდა გოგოების იძულებით მოტაცებისა და დაქორწინების 40 შემთხვევას, მაგრამ მათგან სასამართლოს მხოლოდ სამი სისხლის სამართლის საქმე გადაეცა. აქედან ორი საქმის შესახებ სასამართლო გამოძიება შეწყდა, ხოლო ერთი კვლავ განხილვის პროცესშია.

14 სექტემბერს ბიშკეკის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა აიზადა კანატბეკოვას მოტაცებისა და სიკვდილის გახმაურებულ საქმეზე. 2021 წლის აპრილში ექვსმა ახალგაზრდამ ქუჩაში დაიჭირა 26 წლის გოგო, რომელიც ძალით ჩასვეს მანქანაში და ერთ-ერთ გამტაცებელზე დაუპირეს დაქორწინება. გოგოს ნათესავებმა ამის შესახებ აცნობეს პოლიციას, რომელმაც გამოძიება თვითდინებაზე მიუშვა. აიზადა კი მხოლოდ სამი დღის შემდეგ, მოკლული იპოვეს.

ხუთ მსჯავრდებულს, რომლებიც თავიანთ ნაცნობს, ზამირბეკ ტენიზბაევს 26 წლის გოგოს მოტაცებაში დაეხმარნენ, სასამართლომ 6 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საბოლოოდ, გაუპატიურებისა და მკვლელობის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმე დაიხურა - მთავარმა ეჭვმიტანილმა, ზამირბეკ ტენიზბაევმა თავი მოიკლა. მისი ცხედარი მოკლულ გოგოსთან ერთად იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG