კოალიცია "ინფორმაციული სანდოობისთვის" ჰომოფობიური ჯგუფის - "ალტ-ინფოს" მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შემდეგ პროკურატურას მიმართავს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს ყველა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელშიც შესაძლოა ეს ჯგუფი ფიგურირებდეს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში გახსენებულია 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის შემთხვევა, როცა სიძულვილის ჯგუფები ცენტრალურ ქუჩებში "ალტ-ინფოს" წევრების მოწოდების შემდეგ გავიდნენ.
"ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს, რომ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს", - აღნიშნავენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
ამავე განცხადებით ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, დაიწყონ მოკვლევა და სიღრმისეული შესწავლა "ალტ-ინფოსა" და მსგავსი ორგანიზაციების საქართველოს საწინააღმდეგო ქმედებების შესახებ:
"ანტიდასავლურ და პრორუსულ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის როლი, მათ შორის ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის კუთხით".
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი - IWPR საქართველო
დაწერეთ კომენტარი