Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ოქტომბერში უკრაინას გადასცა 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“


აშშ-მა ოქტომბერში უკრაინას გადასცა 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა. ამის შესახებ ლაპარაკია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ანტონ სემელროთის ცნობაში, რომელიც მან სააგენტო ტასს გაუგზავნა შეკითხვის საპასუხოდ.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, „ჯაველინები“ კიევს გადაეცა უკრაინის 60 მილიონ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის ფარგლებში, რომლის შესახებაც აშშ-მა სექტემბერში გამოაცხადა. მთლიანობაში აშშ-მა უკრაინას 2021 წელს 450 მილიონი დოლარი გამოუყო „უსაფრთხოების ამოცანების უზრუნველსაყოფად“.

აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ დიდხანს არ აწვდიდა უკრაინას შეიარაღებას. მიწოდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ ეს შეიარაღება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კონფლიქტის ზონაში, მაგრამ, როგორც პენტაგონი აცხადებს, მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის. სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, გამოიყენეს თუ არა „ჯაველინები“ საბრძოლო მოქმედებებში დონბასში, არ მოიპოვება.

რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედროებისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებამ შესაძლოა უკრაინას აგრესიული მოქმედებებისკენ უბიძგოს სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი ეხმარება.

„ჯაველინების“ უკანასკნელი პარტია უკრაინას ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარების გამწვავებამდე გადაეცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG