Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიული ალასანია: გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბრუნებაზე და მივიღე რისხვა


გავბედე და ვკითხე უკრაინაში დაბუნებაზე და მივიღე რისხვა, უთხრა ჟურნალისტებს გიული ალასანიამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედამ გორის ჰოსპიტალთან, შვილის მონახულების შემდეგ.

„მითხრა, შენ მე ვინ გგონივარო. აქ, ჩემ ქვეყანაში რისთვის ჩამოვედი, რომ კიდევ სადღაც წავიდეო? მოკლედ, ჩემგან ეს ძალიან არ მოეწონა”, - ამბობს ალასანია.

მისივე ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს აწუხებს თავის ტკივილი, უძილობა და კუნთების ტკივილი.

ალასანიამ სააკაშვილისთვის პატიმრობაში ყოფნის ფსიქოლოგიურ სირთულეს გაუსვა ხაზი.

„რაც მახსოვს, ადამიანი სულ მოძრაობაში იყო. საქართველოში ყოფნისას, გავიგებდი, რომ ხან სვანეთში იყო, მეორე წუთში ვიგებდი, რომ სადღაც შორს იყო. მაშინ ვკითხე, არ იღლები-მეთქი და ამაზე მაშინაც მივიღე რისხვა. რას ნიშნავს ვიღლები? მე ძალიან მიყვარს ჩემს სამშობლოში სიარული და ყველაფრის თვალიერებაო. ასეთი დინამიური ცხოვრების შემდეგ ასეთ გამოკეტილ მდგომარეობაშია. ყევლაფერს რომ თავი დაანებო, ფსიქოლოგიურად ალბათ, ძალიან ძნელია“.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG