Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსიქიატრი მიხეილ სააკაშვილზე: "მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება“


ფსიქიატრი- მარინე კურატაშვილი
ფსიქიატრი- მარინე კურატაშვილი

"გარკვეული პრობლემები მიხეილ სააკაშვილს აქვს და როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფსიქოთერაპიული დახმარება სჭირდება“, - განაცხადა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ფსიქიატრმა მარინე კურატაშვილმა გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ.

სახალხო დამცველი 8 ექიმთან ერთად დღეს ამოწმებდა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მისი მკურნალობის მეთოდებს და მის შესაბამისობას სააკაშვილის მდგომარეობასთან.

ფსიქიატრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღება თერაპიულ დოზებს არ სცილდება, რაც ნიშნავს, რომ დოზებთან მიმართებაში არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება.

"ფსიქოტროპული წამლები უნდა დაინიშნოს დიაგნოზის შესაბამისად. იწყება მინიმალური თერაპიული დოზით და შედეგების მიხედვით შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ თერაპიულ დოზამდე. ამ მხრივ დოზირებაში არანაირი დარღვევა არ არის. რაც ვნახეთ, თერაპიულ დოზირებას არ სცილდება."

დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტი მოინახულეს ასევე მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ და ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.

ნევროლოგი ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანემიის ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაუარესდეს.

„სტაბილურად რაც რჩება, ეს არის სიარულის, კოორდინაციის პრობლემა, ხასიათის მერყეობები, თუმცა, ეს არ სცილდება ნორმატიულ ფარგლებს. ეს არის ძირითადად მისი ნევროლოგიური სტატუსი. ის ახლა, ძირითადად, საჭიროებს სპეციალურ რეაბილიტაციას, ჩვენ ამას ვუწოდებთ ნეირორეაბილიტაციას და ფსიქონერვულ რეაბილიტაციას, რომლის საშუალება საქართველოში ვერ მოვიძიეთ იმ მოცულობით და იმ სიღრმით, რაც პაციენტის მკურნალობისთვის საჭიროა." - განაცხადა ოთარ თოიძემ

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ მან შიმშილობა გამოაცხადა, იგი ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს, შემდეგ კი გლდანში - სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG