Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„შერიგების“ მოლოდინში - რა არ უნდა გამოგრჩეს 14 დეკემბერს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე აზრს მოკლებულია ეროვნულ შერიგებაზე საუბარი.

„შერიგების“ საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე განაცხადა, რომ წამოიწყებდა ინკლუზიურ პროცესს, „საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ“.

შერიგებას გულშემატკივრები ჰყავს მართლმადიდებელ ეკლესიაშიც. ბოდბელი მთავარეპისკოპოსის იაკობის თქმით, „თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას...“

მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, „სამი პრეზიდენტი“ უნდა შეხვდნენ ავლაბრის რეზიდენციაში. მისივე თქმით, თუ ამის მზაობა ექნება სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილს შეხვედრას დაასწრებენ.

„სამი პრეზიდენტის“ შეხვედრის შესაძლებლობაზე მედიის კითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილმა თქვა: „ახლავე მოგიყვებით ყველაფერს“. მედიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილისგან პასუხის მიღებას მის სახლთან ცდილობდნენ. საქართველოს პრეზიდენტს რამდენჯერმე აქვს განმარტებული, რომ ის ქუჩაში დასმულ შეკითხვას არ პასუხობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა პოზიტიურია, თუმცა რეალურია რისკი იმისა, რომ განცხადება ჰაერში გასროლილ დაპირებად ან ფრაზებად დარჩეს.

14-15 დეკემბერს ბრიუსელში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი გაიმართება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული შეთანხმება კვლავაც ძალიან აქტუალურია საქართველოსთვის და ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ საქართველო განახორციელებს შეთანხმებით ნაკისრ რეფორმებს, აცხადებს ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი რანგის მოხელე რადიო თავისუფლებასთან, აღმოსავლეთის პარტნიორობის კარსმომდგარი სამიტის წინ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამიტს დაესწრება, თუმცა ცალკე შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან არ ექნება.

სამიტამდე შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ჯერ ცალ-ცალკე, შემდეგ კი ერთად შეხვდება.

ერთადერთი, ვინც სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, ბელარუსია, რომლის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების პასუხად აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამიდან ბელარუსის გამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა 2009 წელს დამტკიცდა ევროკავშირთან აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის - ისევე როგორც ბელარუსის, მოლდოვისა და უკრაინის - დაახლოების მიზნით, მაგრამ მომავალი წევრობის მკაფიო შეთავაზების გარეშე.

ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა რეკორდულად გაიზარდა

2021 წლის ნოემბერში, საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვამ რეკორდი დაამყარა და 1 მილიარდ 443 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რეკორდული აღმოჩნდა როგორც ექსპორტი (429.8 მილიონი აშშ დოლარი, +42.7% 2020 წლის ნოემბერთან შედარებით), ასევე იმპორტი (1014 მილიონი აშშ დოლარი, +40.6%).

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25%-ით გაიზარდა.

„3+3“ ფორმატში შეხვედრაზე საქართველოს დროშის წარმოჩენა მიუღებელია - საგარეო უწყება

10 დეკემბერს მოსკოვში რუსეთს, თურქეთს, ირანს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართა „3+3“ რეგიონალური ფორმატის შეხვედრა. მიუხედავად იმისა, რომ მასში საქართველო არ მონაწილეობდა, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ შეხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას ახლავს ფოტო, რომელშიც, მონაწილე ქვეყნების ეროვნული დროშების გვერდით, საქართველოს დროსაც ჩანს.

„ქართულმა მხარემ არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი მკაფიო პოზიცია 3+3 რეგიონალურ ფორმატთან დაკავშირებით, რომ არ განვიხილავთ აღნიშნულ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას. 10 დეკემბერს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს დროშა, რაც ბუნებრივია მიუღებელია ჩვენთვის და რაზეც გვქონდა შესაბამისი დიპლომატიური არხების მეშვეობით რეაგირება“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„უკაცრავად, თქვენს ქვეყანაში არ ვმუშაობთ“ - ათასობით ფილმი საქართველოსთვის ლეგალურად მიუწვდომელია

ინტერნეტმეკობრეობის მხრივ, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. ამერიკული კინოკომპანიები ამის გამო წლებია გვემუქრებიან. ისინი კი, ვინც საქართველოში არალეგალური კონტენტით ხეირობენ, სულ უფრო ხვეწენ მეთოდებს, თუ როგორ აუარონ გვერდი კანონს.

წამყვანი ქართული ვებგვერდების ოცეულში სულ სამია ისეთი, სადაც შეგიძლიათ, ფილმები ნახოთ ქართულად და უფასოდ. ეს ძალიან არ მოსწონთ ჰოლივუდის კინოსტუდიებს, რადგან ქართულ საიტებზე ატვირთული ფილმების დიდი ნაწილი მათი საკუთრებაა და ათასობით ქართველ მაყურებელს მათთვის ერთი ცენტიც არ მოაქვს.
2019 წლის ნოემბერში ამერიკული კინოკომპანიების გაერთიანებამ ინტერნეტმეკობრეობაზე კონტროლის არარსებობის გამო წერილი მისწერა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და საქპატენტს.

რა ელით ქართველ ონლაინმეკობრეებს? 2019 წლის ივლისში საიტი აჭარანეთი კომპანია „დიჯითალ ედსმა” იყიდა. 2019 წლის ბოლოს, ჰოლივუდიდან მოსული წერილის საპასუხოდ, მეკობრეებმა მაშინ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ კინოსტუდიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

გარდა ამისა, ისინი აცხადებდნენ, სულ რომ გავქრეთ, ქართველი ინტერნეტმომხმარებლები მაინც ნახავენ არალეგალურ ფილმებს, მაგალითად, რუსულ საიტებზეო. რუსეთი ინტერნეტმეკობრეობის გავრცელების კუთხით, მსოფლიოს ერთ-ერთი „ლიდერია” - იქ კონტენტის სულ ცოტა 75% არალეგალურად ვრცელდება.

წაიკითხე მეტი სანდრო გვინდაძის სტატიაში.

"შეთანხმება და მოლაპარაკებები მინიმუმ ორ პრინციპს, ორ პარადიგმას უნდა დაეფუძნოს: ერთი, ეს გახლავთ მზაობა კონსენსუსისთვის, ეს არის აუცილებელი; მეორე გახლავთ ისეთი ღირებულება, როგორიცაა სამართლიანობა. შეთანხმების პროცესში ერთი მეორის გარეშე არ არსებობს", - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი.

XS
SM
MD
LG