Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ „მაივეი ეარლაინს“-ს ფრენების განხორციელების უფლება მისცა


თბილისის საქალაქო სასამართლომ ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ავიაკომპანია სასამართლოში მოითხოვდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ბრძანების შეჩერებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ვალერიანე ფილიშვილის განჩინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება, ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ისთვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების შესახებ, შეჩერებულია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსამართლემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

კომპანიის იურისტის, თამარ მამფორიას განცხადებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აქტის მოქმედებით, კომპანია დღეში 140 000 აშშ დოლარამდე ზარალს განიცდიდა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, „მაივეი ეარლაინს“-მა ზარალის ანაზღაურებაც მოითხოვოს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინს“-ს კანონმდებლობით გათვალისწინებულ წილთა გადანაწილების თანაფარდობას ედავებოდა. კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიის გადაწყვეტილების მიმღები პარტნიორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ბენეფიციარ მესაკუთრეთა შორის წილების თანაფარდობა ადმინისტრაციული წარმოების პროცესშივე გამოსწორდა.

ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინს"-ი ფრენების განახლებას უახლოეს ხანებში შეძლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG