ბრიუსელში, სადაც 15 დეკემბერს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტი გაიმართება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამავლობით, 14 დეკემბერს ერთმანეთს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები შეხვდებიან.
რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, თავდაპირველად შარლ მიშელი ცალ-ცალკე შეხვდება პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შემდეგ კი მოლაპარაკება სამმხრივ ფორმატში გაგრძელდება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნის უზრუნველყოფა.
"ამჟამად ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად იმ ზომებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს მათ შორის ნდობის განმტკიცება, ამის საფუძველს გვაძლევს პრეზიდენტ მიშელის შუამავლობით რამდენიმე კვირის წინ წარმატებულად ამოქმედებული პირდაპირ ხაზი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორს“, - განუცხადა სამმხრივი შეხვედრის წინ რადიო თავისუფლებას ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ განახლებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.
44-დღიანი ომის შედეგად აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, 4 რაიონზე, რომლებიც ეთნიკური სომხების ხელთ იყო 1994 წლიდან.
2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის შუამავლობით აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთობლივ განცხადებას, რომლის შედეგად სომხეთმა აზერბაიჯანს დაუბრუნა კიდევ სამი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები.
ამავე განცხადებაში ასახული კონფლიქტში მონაწილე მხარეთა შეთანხმებით, მალევე მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად რუსეთის 2000-კაციანი სამხედრო ძალა შევიდა.