Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა კვლავ მოითხოვა ნატოსთან "სასწრაფო" მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ გამოვიდა მოწოდებით, აშშ-სთან და ნატოსთან „სასწრაფოდ“ გაიმართოს მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მაშინ, როცა უკრაინის გარშემო იზრდება დაძაბულობა.

ეს მოთხოვნა პუტინმა 14 დეკემბერს გაიმეორა ფინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბრებში, იტყობინება კრემლი.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში გახშირდა დასავლეთისა და უკრაინის მხრიდან რუსეთის მისამართით ბრალდებები მის მიერ არმიის დაჯგუფების გაძლიერებისა და უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო შეჭრისთვის მზადებაში. მოსკოვში, თავის მხრივ, უკრაინასა და აშშ-ს ადანაშაულებენ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებში და აცხადებენ, რომ არის იმის ნიშნები, რომ კიევი აღმოსავლეთ უკრაინაში იერიშისთვის ემზადება. უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებებს.

კრემლის განცხადების თანახმად, ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან სატელეფონო საუბარში პუტინმა „გაიმეორა, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან, რათა შემუშავებულ იქნეს საერთაშორისო სამართლებრივი გარანტიები ჩვენი ქვეყნისთვის.“

ორმა ლიდერმა ასევე იმსჯელა უკრაინასთან დაკავშირებულ კრიზისზე, ნათქვამია განცხადებაში.

დღესვე პუტინი ცალკე ესაუბრა ტელეფონით თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს და მასაც უთხრა, რომ მოსკოვს დაუყოვნებლივ სურს მოლაპარაკებების დაწყება დასავლეთის ქვეყნებთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG