Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა და ევროკავშირმა დაგმეს ბელარუსში ოპოზიციონერების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი


აშშ-მა დაგმო გომელის სასამართლოს მიერ ბელარუსის ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტ იგარ ლოსიკისთვის სამშაბათს გამოტანილი განაჩენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში პოლიტიკურად მოტივირებული ეწოდება სიარჰეი ციხანოუსკის, მიკოლა სტატკევიჩის, იგარ ლოსიკისა და სხვა ბრალდებულთათვის გამოტანილ განაჩენებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათი პროცესის მსვლელობისას არ იცავდნენ კანონის უზენაესობას. „არც გასამართლებულები, არც ბელარუსის ხალხი არ იმსახურებენ ამ სასტიკ რეპრესიებს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

აშშ განაჩენებს მიიჩნევს იმის ახალ მტკიცებულებად, რომ ბელარუსის ხელისუფლება პატივს არ სცემს მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. განცხადება ასევე შეიცავს მოწოდებას, გაათავისუფლონ გასამართლებულები, აგრეთვე ბელარუსის 900-ზე მეტი მოქალაქე, რომლებიც პოლიტპატიმრებად არიან მიჩნეული. ამასთან, აშშ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს მოუწოდებს, შეწყვიტოს რეპრესიები, დაიწყოს ოპოზიციასთან დიალოგი და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

განაჩენები დაგმო ევროკავშირმაც. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპის კავშირი მზადაა, იმსჯელოს ახალ სანქციებზე ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ.

ბელარუსის სასამართლომ 14 დეკემბერს ოპოზიციის ლიდერის, სვიატლანა ციხანოუსაკიას მეუღლეს, სიარჰეი ციხანოუსკის 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ის გაასამართლეს მასობრივი გამოსვლებისა და სოციალური ზიზღისკენ მოწოდების ბრალდებით.

ამავე საქმეზე გაასამართლეს კიდევ ხუთი ბრალდებული. მათ 14-დან 16 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.

გასამართლებულთა შორისაა რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის შტატგარეშე კონსულტანტი იგარ ლოსიკი. მას 15 წლით პატიმრობა მიესაჯა სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ამდენივე მიუსაჯეს კიდევ ერთ ბრალდებულს, ულაძიმირ ციგანოვიჩს. არციომ საკავსა და ძიმიტრი პაპოვს 16 წლით პატიმრობა მიესაჯათ, მიკოლა სტატკევიჩს - 14 წლით პატიმრობა.

სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, მის დეტალებს არ ასაჯაროებენ, ის თითქმის ხუთი თვე გრძელდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG