გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ უნდა იქნეს მიჩნეული უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ დისკუსიის ერთადერთ საგნად. ამის შესახებ სამშაბათს განუცხადა Reuters-ს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა. „გაზპრომს“ აქვს სხვა მილსადენებიც, რომლებიც ენერგომატარებლებს აწვდის ევროპას, აღნიშნულია Reuters-ის ცნობაში.
დასავლეთის ქვეყნებმა უკვე გააფრთხილეს მოსკოვი მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების გამოყენების შესახებ, თუკი რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავ დაარღვევენ უკრაინის საზღვრებს.
გფრ-ის მთავრობის წყარომ გაიმეორა რუსეთისთვის ადრე ევროპის კავშირის მიერ წაყენებული მოთხოვნა: ახსნას უკრაინის საზღვართან თავისი ჯარების თავმოყრის მიზნები.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე, რომელზეც რუსეთსა და მის დასავლელ მეზობლებს შორის დაძაბულობაზე იმსჯელებენ, რამდენიმე დღე რჩება.
გფრ-ის მთავრობის წყარომ გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთის მუქარისთვის საუკეთესო პასუხი იქნებოდა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება კი არა, არამედ გერმანიას, საფრანგეთს, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების განახლება ე.წ. „ნორმანდიის ფორმატში“.
დაწერეთ კომენტარი