Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში სახელმწიფო რწმუნებული უარყოფს, რომ ავარიის დროს ნასვამი იყო


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პარლამენტის დეპუტატისა და თელავის მერობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ინფორმაციით, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი რამდენიმე დღის წინ სამსახურებრივი ავტომობილით ავტოავარიაში მოჰყვა. ბოტკოველი ამბობს, რომ შიოშვილი ავტომობილს ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ მართავდა და ავარია ამ მიზეზით მოხდა.

როგორც ბოტკოველმა სპეციალურ ბრიფინგზე თქვა, ირაკლი შიოშვილი 11-12 დეკემბერს დაესწრო "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" შეხვედრას სოფელ წინანდალში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც საღამოს იქეიფეს, უკან დაბრუნებული კი ავარიაში მოჰყვა.

„რამდენიმე დღის წინ წინანდალში „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჩაატარეს დიდი ღრეობა, სადაც ასევე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი. წინანდლიდან მთვრალი შიოშვილი ავტომობილით გაემგზავრა თელავის მიმართულებით და მანქანა დაამტვრია. მან ექიმებს მოატყუა, რომ კიბეებიდან დაგორდა და ასე მიიღო მცირე დაზიანება. მე მოვითხოვ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროოს იმ კონკრეტული ფაქტის დროს გუბერნატორისთვის ჩატარებული ალკოტესტის პასუხი“, - თქვა გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგზე, რომელზეც დამტვრეული ავტომობილის ფოტოები გაასაჯაროვა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ავტოავარიაში მოჰყვა, თუმცა ირწმუნება, რომ შემთხვევა მოხდა გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე და არა წინანდალი-თელავის ტერიტორიაზე, როგორც ამას ამბობს გიორგი ბოტკოველი. ის ასევე უარყოფს, რომ ავარიის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

"მე კვირას საღამოს სიღნაღის მიმართულებიდან ვბრუნდებოდი თელავში და ავტოსაგზაო შემთხვევა ამ დროს მოხდა ბაკურციხე- გურჯაანის შემოვლით ახალ გზაზე. ავტომობილით შევეჯახე წინ მიმავალ მაღალი გამავლობის მანქანას. ეს იყო შემთხვევა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ. სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდი და სახლში ვბრუნდებოდი. ახლა სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას ირაკლი შიოშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG