რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ 15 დეკემბერს დაიწყო ხუთიდან 11 წლამდე ბავშვების იმუნიზაცია კორონავირუსის წინააღმდეგ. გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთსა და უნგრეთში აცრის ახალი ცენტრები გაიხსნა, სადაც ექიმები მაღალი მიმართვიანობის შესახებ იუწყებიან. მოთხოვნას აძლიერებს შიში კორონავირუსის ახალი მუტაციის - "ომიკრონის" ვარიანტის გამო.
საბერძნეთის განათლების მინისტრი ერთ-ერთი პირველი გამოცხადდა ათენის საავადმყოფოში შვილის ასაცრელად. ამ ქვეყანაში უკვე 30 ათასზე მეტი ბავშვი დაარეგისტრირეს აცრისთვის.
ევროკავშირის წამლის სააგენტომ გასულ თვეს დაუშვა „ფაიზერის“ ვაქცინა ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებისათვის. ვაქცინა უფრო მცირე დოზით ადმინისტრირდება და მისი კონტეინერი ვიზუალურად განსხვავდება უფროსებისათვის განკუთვნილი მედიკამენტისაგან.
დანიამ და ავსტრიის რამდენიმე რეგიონმა ბავშვების აცრა ნოემბერში დაიწყეს. პირველი დიდი ქვეყანა, რომელმაც ვაქცინაცია ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებს შესთავაზა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო, სადაც ამ ასაკის 5 მილიონი ბავშვია აცრილი.
უახლოეს დღეებში ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება იტალიაში, პორტუგალიაში, პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებში, კვიპროსსა და ჩეხეთში. საფრანგეთში ჯერჯერობით დაშვებულია მხოლოდ იმ ბავშვების აცრა, რომლებიც რისკ-ჯგუფს განეკუთვნებიან, თუმცა ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ მსჯელობს პროგრამაში სხვა ბავშვების ჩართვაზეც.
ბელგიაში ელიან ეროვნული ჯანდაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას და ემზადებიან კამპანიის საახალწლოდ დასაწყებად. ხუთიდან 11 წლამდე ბავშვების აცრას განიხილავენ ბრიტანეთშიც. საბოლოო დასკვნა, სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი.
დაწერეთ კომენტარი