Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო


ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი
ირაკლი ღარიბაშვილი და იენს სტოლტენბერგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურმა მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ალიანსთან მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. „გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერის თქმით, ყველა სახელმწიფოს გააჩნია საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის უფლება და საქართველოსთვის ნატოს წევრობა ქვეყნის „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს საკითხს წარმოადგენს, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა“.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გულდასმით შრომობს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის - სადაც მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა - პრაქტიკულ რეალიზაციაზე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დადგა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. „ეს იქნება მკაფიო გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, რომ მიზანდასახულობას, ერთგულებას და დაუღალავ შრომას რეალური შედეგები მოაქვს. ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომლის ექოც ფართოდ გადასწვდება მთელს რეგიონს და ყველა დარწმუნდება, რომ ნატო აქ არის და უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში. შეხვედრის შემდეგ მხარეებს ჟურნალისტების კითხვებზე არ უპასუხიათ- მათ მხოლოდ განცხადებები გააკეთეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველში რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზეც უსაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასევე ესწრება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG