Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bloomberg-ი: ევროკავშირში უთანხმოებაა უკრაინის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე


ევროპის კომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი

ევროპის კავშირის ქვეყნებს შორის უთანხმოებაა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს რესპონდენტთა თქმით, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მოსკოვთან მოლაპარაკებების წარმოება და არა სერიოზული ეკონომიკური შეზღუდვების თაობაზე მისი გაფრთხილება.

ნიდერლანდის, აღმოსავლეთ ევროპისა და სკანდინავიის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა, პირიქით, ევროპის კომისიას სთხოვეს, მათთან მოილაპარაკონ სავარაუდო სანქციების შესახებ. შეზღუდვების მომხრეები აცხადებენ, რომ სანქციების საჯარო მხარდაჭერა შეაკავებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

Bloomberg-ის წყაროები არ გამორიცხავენ, რომ კრემლის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების აუცილებლობამ უთანხმოება შეიძლება წარმოშვას ევროკავშირის წევრებს შორის.

ევროპის კომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა 15 დეკემბერს განაცხადა, რომ ბრიუსელი მზადაა, უპრეცედენტო ზომებს მიმართოს მოსკოვის მხრიდან კიევის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში.

აშშ და დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაზე თავდასხმას ამზადებდეს და ამიტომ მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან თავის 100 ათასამდე სამხედროს.

რუსეთის მხარე უარყოფს ყველა ცნობას უკრაინის ტერიტორიაზე მისი ჯარების შესაძლო შეჭრის თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, მოსკოვს თავდაცვითი პოზიცია უკავია და ეშინია, რომ კიევი მეტისმეტად უახლოვდება ნატოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG