როსტოვის სასამართლომ გაასაჯაროვა ინფორმაცია სურსათის მიწოდების შესახებ უკრაინის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში განლაგებული რუსეთის არმიისთვის. როგორც როსტოვის რაიონული სასამართლოს განაჩენშია ნათქვამი, სეპარატისტების პოზიციებზე განლაგებულ რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს ორ კვირაში ერთხელ 1300 ტონა სურსათს უგზავნიდნენ როსტოვის ოლქიდან. მოსკოვი უარყოფს დონბასში თავისი ჯარების ყოფნას.
როსტოვის სასამართლომ განაჩენი 2021 წლის ნოემბერში გამოიტანა კორუფციასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე. მისი ტექსტი სასამართლოს საიტზეა გამოქვეყნებული. ადგილობრივი კომპანიის სამხედრო კვების მმართველის მოადგილე მექრთამეობაში შუამავლობაში ცნეს დამნაშავედ.
როგორც სასამართლოს განაჩენშია ნათქვამი, ბრალდებულის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა სურსათის მომარაგება აღმოსავლეთ უკრაინაში მყოფი რუსეთის ჯარისკაცებისთვის გასაგზავნად.
განაჩენის ტექსტში ნახსენებია, რომ სურსათის მიწოდება წარმოებდა მინიმუმ 2018 და 2019 წლებში.
ჟურნალისტების დაანგარიშებით, ორ კვირაში 1300 ტონა სურსათით 26 ათასი ადამიანის უზრუნველყოფა არის შესაძლებელი. თუმცა განაჩენიდან არ ჩანს, სურსათის მიწოდებას მხოლოდ ერთი კომპანია თუ ახორციელებდა.
რუსეთი ყოველთვის უარყოფდა თავისი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში. მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის არმიის წინააღმდეგ იქ იბრძვის „სახალხო მილიცია“, რომელიც დონბასის მოსახლეებისგან შედგება და რუსეთის მოქალაქეები მასში მხოლოდ მოხალისეების სახით შეიძლება იყვნენ. მაგრამ ზოგიერთი ჟურნალისტური გამოძიება და უკრაინის სპეცსამსახურების პუბლიკაციები მეტყველებს, რომ რუსეთის არმია აღმოსავლეთ უკრაინაში უშუალო მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში. საქმე ეხება არა მხოლოდ საარტილერიო დარტყმებით მხარდაჭერას, არამედ ბრძოლებს რუსეთის სამხედროებსა და უკრაინის არმიას შორის.