Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ იციან პრორუსმა ქართველებმა რუსული


თენგიზ აბლოთია
თენგიზ აბლოთია

საქართველოში მორიგი პრორუსული პარტია გამოჩნდა. როგორც ყველა მის წინამორბედს, არც ამ პარტიას უყვარს, როდესაც მას პრორუსულს უწოდებენ, უფრო მოდურია „პროქართული“ უწოდონ.

ანუ, „ჩვენ არც პრორუსულები ვართ და არც პროდასავლურები. ჩვენ ვართ პროქართული“. თითქოსდა მათ ექსკლუზიური უფლება ჰქონდეთ, ეროვნული ინტერესების წარმომადგენელები იყვნენ, თითქოს მხოლოდ მათ იციან, საქართველოს რა სჭირდება. მათი მთავარი „გზავნილი“, რითაც ამომრჩევლების წინაშე წარდგებიან ხოლმე, ასეთია: „თუ კარგად მოვიქცევით, კრემლი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს“.

მაგრამ ახლა იმაზე არ ვლაპარაკობთ, რომ ყველა ეს ლოზუნგი ცარიელი სიტყვაა და მათში არაფერი კონკრეტული არ იგულისხმება, არც იმაზე, რომ იმპერიები მიწებს არ აბრუნებენ. ახლა საინტერესო, შეიძლება ითქვას, უნიკალურ მოვლენაზე მინდა მოვყვე, რომელსაც პრორუსულად განწყობილ თანამედროვე ქართველებს ვამჩნევ.

რუსეთის მიმართ სიმპათიით განწყობილი საშუალოსტატისტიკური პოსტსაბჭოთა ადამიანისთვის „რუსული სამყარო“ უბრალო სიტყვები არ არის. უმეტესობას რუსული განათლება აქვს, აქვს მენტალური სიახლოვე რუსულ კულტურასა და რუსულ ღირებულებებთან. აუცილებელი არაა, ისინი ეთნიკურად რუსები იყვნენ.

ასეთები ძალიან ბევრნი იყვნენ 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოში - რუსულენოვანი ქართველები. მათ არაყი, შებოლილი თევზი, სალათები უყვარდათ, კითხულობდნენ მხოლოდ რუსულ ლიტერატურას, უყურებდნენ მხოლოდ რუსულ ტელეარხებს, ქართული კი მხოლოდ საყველპურო იცოდნენ. ისინი უფრო მეტად საბჭოთა ან რუსული კულტურის ნაწილს წარმოადგენდნენ, ვიდრე ქართულის ან, მაგალითად, სომხურის. რუსულ ენაზე ლაპარაკი და რუსული კულტურისა და ღირებულებების სიყვარული ყოველთვის იყო ის, რაც რუსეთში სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს აერთიანებდა.

ახლა საქართველოში სრულიად ახალი და ამოუხსნელი ფენომენი გაჩნდა. პრორუსულად განწყობილი ქართველების დიდ უმრავლესობას რუსეთთან არანაირი კულტურული სიახლოვე არ გააჩნია. უკიდურეს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს უფროსი თაობა, რომელსაც მხოლოდ 70-80-იანი წლების თაფლაკვერები ახსოვს. „კულტურა“, „რუსული სამყარო“, პუშკინი და ლერმონტოვი, „რუსეთში პოეტი ვერ იქნები, თუკი საქართველოს დაივიწყებ“ - ეს მათთვის უშინაარსო სიტყვებია.

შუა ასაკის თაობა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ოდნავ შეეხო, ამ ყველაფრისგან თავისუფალია. მათთვის არც სსრკ, არც თანამედროვე რუსეთი არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია: პრორუსულად განწყობილი ქართველების უმეტესობა, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების ჩათვლით, არათუ არ იცნობს დიად რუსულ კულტურას, არამედ საერთოდ რუსულადაც ძლივს ლაპარაკობს.

რუსეთის მომხრეები, რუსული ენისა და რუსული კულტურის გარეშე - საქართველოს გარდა... კიდევ სად გინახავთ მსგავსი რამ?

უმეტესობას საერთოდ წარმოდგენაც არა აქვს, რუსეთი რა არის, რადგან იქ არასდროს ყოფილა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელსაც მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი, რუსეთის გარდა. მოსკოვი, პეტერბურგი, წითელი მოედანი, ერმიტაჟი, ზამთრის სასახლე - მათთვის ეს ყველაფერი არა მხოლოდ თეორია, საერთოდ სხვა სამყაროა, ისეთივე, როგორც მარსი ან ვენერა.

კიდევ ერთი პარადოქსი: თუ საქართველოში ვინმეს იპოვით, ვინც რუსულად გამართულად ლაპარაკობს, რუსულ კულტურაზე საუბრისას კი მხედველობაში ფილიპ კირკოროვი არა ჰყავს, მათი უმეტესობა სწორედ პროდასავლური ორიენტაციისაა.

სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა. რეალურად პრორუსული განწყობა განპირობებულია იმით, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან ვერ ათავსებენ ქართულ ტრადიციონალიზმსა და დასავლურ ცივილიზაციას.

ტრადიციული ქართველები აშკარად ხედავენ, რომ ყველა მათი ღირებულება: მოჩვენებითი რელიგიურობა, ქსენოფობია, კრიმინალური მენტალიტები, ნეპოტიზმი, სრულფასოვანი განათლებისადმი უდიერი დამოკიდებულება, ბებია-ბაბუები, რესტორანში ჩხუბები, „ქალის ადგილი კუხნაშია“, „ქურდებს სიცოცხლე“ და „მენტებთან თანამშრომლობა არ შეიძლება“ - დასავლურ ღირებულებებს სრულიად ეწინააღმდეგება.

მშვენივრად ესმით, რომ კანონის უზენაესობისა და უმცირესობების უფლებების სამყაროში ისინი არაფერს წარმოადგენენ. ამ თვალსაზრისით ისინი მართლაც „პროქართულები“ არიან, იმ გაგებით, როგორადაც ისინი საკუთარ იდენტობას აღიქვამენ. პრორუსულობასთან ეს პირდაპირ არის დაკავშირებული: ერთადერთი ადგილი მსოფლიოში, სადაც ქართულ არქაიზმებს არავინ შეებრძოლება, პირიქით, წაახალისებენ კიდეც - ეს არის საქართველო კრემლის ჩრდილში.

არა რუსული ენის მოქნილობა და რუსული კულტურის სიდიადე, არამედ სწორედ სურვილი, შეინარჩუნონ უკვე დიდი ხნის წინ მოძველებული ყოფა, არის ის ძირითადი საწვავი, რომელიც საქართველში პრორუსულ ძრავას ამუშავებს.

და ამის საპირისპირო ფენომენი - რუსულ კულტურას ნაზიარები პროდასავლური ორიენტაციის ადამიანები. როგორც წესი, განათლებული ხალხია, რომლებსაც კარგად მოეხსენებათ რუსული ყოფის თავისებურებები. მათ მშვენივრად იციან, რომ რუსეთს დიადი კულტურა აქვს, მაგრამ ცივილიზებული სახელმწიფოს მშენებლობის გასაღები მხოლოდ დასავლეთში ძევს.

აი, ასეთ ფენომენთან გვაქვს საქმე. ქართველთან, როგორც წესი, არაფერია ისე, როგორც ზოგადად ადამიანებში არის ხოლმე.

მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

XS
SM
MD
LG