Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში მუშაობას შეუდგა ახალი მთავრობა


ჩეხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა
ჩეხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა

ჩეხეთში მუშაობას შეუდგა ახალი მთავრობა. მინისტრთა კაბინეტის წევრთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა ლანის სასახლეში, პრეზიდენტის რეზიდენციაში.

მთავრობაში ხუთი პარტიის წარმომადგენლები შედიან - მემარჯვენე კონსერვატორებიდან ლიბერალებამდე. მას ხელმძღვანელობს სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის (ODS) ლიდერი, პოლიტოლოგიის პროფესორი პეტრ ფიალა. კაბინეტში შემავალი ყველა პარტია ოპოზიციაში იყო წინა პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მიმართ. ოქტომბერში გამართული არჩევნების შედეგების მიხედვით, ბაბიშის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვეს.

ახალი კაბინეტის ფორმირება დრამატულ ვითარებაში მოხდა. პრეზიდენტი მილოშ ზემანი, რომელიც, კონსტიტუციის მიხედვით, ნიშნავს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, ქრონიკული დაავადების გამწვავების გამო დიდხანს იმყოფებოდა რეანიმაციაში. მოგვიანებით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ზემანმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე „მეკობრეთა პარტიის“ წარმომადგენლის, იან ლიპავსკის კანდიდატურას. პრეზიდენტის თქმით, ის არაკომპეტენტურია და არ ეთანხმება რიგ საკითხებში მის პოზიციას. ამას შესაძლოა მოჰყოლოდა ხანგრძლივი სასამართლო დავა და კაბინეტის დანიშვნის გაჭიანურება, მაგრამ ახალმა პრემიერმა მოახერხა ზემანის დარწმუნება და პრეზიდენტმა დათმო.

ახალი მთავრობის მთავარი პრობლემა იქნება პანდემიის შედეგებთან ბრძოლა, კერძოდ, ინფლაციის მაღალი დონე. ჩეხეთის ახალი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საგარეო პოლიტიკაში თანმიმდევრულად მისდევენ პროდასავლურ ორიენტაციას. როგორც ჩანს, რუსეთისა და ჩინეთის მიმართ პოლიტიკა უფრო გამკაცრდება. საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ლიპავსკი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოწინააღმდეგე, რომელიც წინ აღუდგება რუსეთის კონცერნ „როსატომის“ იერ დუხოვანის ატომური ელექტროსადგურის დამთავრებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG