"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამომავლო გეგმებზე საუბრისას ახსენა ფიცრული იუსტიციის სახლი და ციფრული უნივერსიტეტი, რომლებიც მომდევნო წლებში ამუშავდება.
მინისტრის თქმით, ციფრული იუსტიციის სახლი 2022 წლიდან ამოქმედდება და მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ყველა სერვისი, რომლებსაც იუსტიციის სახლში იღებენ, ონლაინ მიიღონ. რატი ბრეგაძის თქმით, ეს პლატფორმა განსაკუთრებით მოხერხებული იქნება ემიგრანტებისთვის.
ციფრული უნივერსიტეტი კი, მინისტრის თქმით, მსჯავრდებულებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობის მისაცემად იქმნება, არსებულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. პროექტი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება დისტანციური სწავლების მეთოდით და დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას.
რატი ბრეგაძეს გამოსვლის დროს არ უხსენებია ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და სავარაუდოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანა პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის კლინიკაში. იუსტიციის მინისტრმა გამოსვლისას რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა პრემიერ-მინისტრს, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულებისთვის ხელფასის ზრდის შესაძლებლობის მიცემისთვის.
იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა მის გამოსვლას.
,,ჩვენ სამწუხაროდ ვაკვირდებით, რომ დარბაზის გარკვეული ნაწილი ცარიელია, არადა, ძალიან იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით გარკვეული ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვიფიქრე, რომ დაგვებედებოდა კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მათი სურვილი არ არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვქონდეს ცივილური ფორმებით, კითხვა პასუხის რეჟიმში საუბრის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ეს მათი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ გამოსვლის დასაწყისში.