Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, ცხინვალის ციხეში მყოფთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლოს


საოკუპაციო გამყოფი ზოლი, ერგნეთი, 2018 წ.
საოკუპაციო გამყოფი ზოლი, ერგნეთი, 2018 წ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლის შესახებ იუწყება. განცხადებაში წერია, რომ ცხინვალის დაკავების იზოლატორში, დღეის მდგომარეობით, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული შვიდი პირი იმყოფება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ღია წყაროებში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის აგვისტოდან დღემდე, დე ფაქტო საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს ათი ადამიანი, აქედან სამი გათავისუფლდა.

თავის მხრივ, დე ფაქტო რეჟიმის კგბ-ს პრესსამსახური ასაჯაროებს ინფორმაციას, რომ ნოემბერში ე.წ. საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ცხინვალის ინფორმაციით, სულ დააკავეს 35 პირი, დაკავებულებს შორის 31 ე.წ. სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დამრღვევია და ოთხი - დე ფაქტო სასაზღვრო რეჟიმის დამრღვევი. შედეგად, 24 პირი დაჯარიმდა, შვიდი ჯარიმის გარეშე გათავისუფლდა, ერთ პირზე კი ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა.

„ცხინვალში .. მესაზღვრეების მხრიდან აქტიური ბორდერიზაციის პროცესის პარალელურად, გახშირდასაზღვრის უკანონო კვეთისბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს მკაფიო საჯარო პოზიცია. ფაქტები ცხადყოფს, ხელისუფლება ვერ ახერხებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჯეროვან დაცვას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - წერია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში. ყოფილი სახალხი დამცველის, უჩა ნანუაშვილის ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

„საოკუპაციო ძალებმა 5 ოქტომბერს სამი და 10 დეკემბერს ორი ადამიანი დააკავეს. აღნიშნული ხუთი პირის ვინაობა არ გასაჯაროებულა, უცნობია მათი ამჟამინდელი მდგომარეობა. 12 დეკემბერს, საოკუპაციო ძალებმა სოფელი ნიქოზიდან, ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე გაიტაცეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი ნაცემია. საგულისხმოა, რომ 1 დეკემბერს დაკავებულმა მამუკა ჯანელიძემ, რომელიც 4 დეკემბერს გაათავისუფლეს, .. მესაზღვრეების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითა.

2021 წლის 14 აგვისტოდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება გელა გოჭოშვილი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულია საზღვრის კვეთის ბრალდებით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელთ არსებული ინფორმაციით, გოჭოშვილის ოჯახი კასპის რაიონში ცხოვრობს და ახალგორშიც ჰყავს ოჯახის წევრები. თბილისისთვის მისი დაკავება გვიან, სექტემბრის ბოლოს გახდა ცნობილი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოჭოშვილს საზღვრის კვეთის გარდა სხვა სისხლის სამართლის დანაშაულსაც ედავებიან. ინფორმაცია მისი უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ დრომდე უცნობია“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაკავებების რაოდენობაზე, საფუძველსა და მათ მდგომარეობაზე ინფორმაციის ნაკლებობა და პასიურობა საერთაშორისო დონეზე, შეიცავს რისკებს, რომ თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან ერთად, სავარაუდოდ, დაკავებული ადამიანების ფუნდამენტური უფლებები ირღვევა და მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს:

„საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაატაროს ზომები, ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის დასაზუსტებლად და საზოგადოებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად.

საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გელა გოჭოშვილის, მამუკა ჩხიკვაძის და ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. აუცილებელია, ცხინვალში საოკუპაციო ძალების მხრიდან სიტუაციის გაუარესების ტენდენციაზე ხაზგასმა და საერთაშორისო საზოგადოებასთან პროაქტიული მუშაობა, ზემოაღნიშნული საკითხების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის“.

ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ყველაზე რთულ მდგომარეობაში, ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძეა, რომელსაც, მისი ნათესავების და თანამებრძოლების ინფორმაციით, სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან. მიუხედავად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა ჩხიკვაძის მიმართ ფიზიკური ზემოქმედება უარყო, მის ნათესავებს და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს ამის არ სჯერათ. გარდა ამისა, მათთვის შემაშფოთებელია დე ფაქტო კაგებეს განცხადება, სადაც მინიშნება სამხედრო დანაშაულის ბრალდებაზეა.

„იმ პირებს, ვინც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილეობდა და ასევე მონაწილეობდა დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენელობაში, უნდა ახსოვდეთ, რომ სამხედრო დანაშაულები უნდა იყოს და იქნება დასჯილი, მიუხედავად იმისა, როდისაა ის ჩადენილი“, - წერია კაგებეს მიერ გავრცელებულ ტექსტში და სწორედ მამუკა ჩხიკვაძის მიმართ გამოთქმულ პოზიციად აფასებენ როგორც მისი ნათესავები, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები. მამუკა ჩხიკვაძის ბიცოლა დალი კაპანაძე ამბობს, რომ ცხინვალიდან ოჯახს ჯერ არ მიუღია ინფორმაცია დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ კოჩიევის განცხადებას ვერ დაიჯერებს, ვიდრე ჩხიკვაძის ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას არ ნახავს:

„ჩვენ კოჩიევის განცხადების არ გვჯერა, თუ ამას არ მოყვება ვიდეომტკიცებულება, რომ მამუკა ჩხიკვაძე არის ცოცხალი და ჯანმრთელი, არ არის ნაცემი და თავისი ნებით საუბრობს. მხოლოდ ამის შემდეგ დავიჯერებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქმედებებს. თუ ოჯახიც ვერ დაინახავს ქმედით ნაბიჯებს, ჩვენ უკვე ოჯახის თანხმობით დავიწყებთ სერიოზულ საპროტესტო აქციებს, მოხდება რუსული ტვირთების ბლოკირება“.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე ცნობა გაავრცელა. ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს. 14 დეკემბერს მისი მეგობრების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG