Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხიკვაძის სარჩელი სტრასბურგში იგზავნება. დე ფაქტო კაგებე მას სამხედრო დანაშაულთან აკავშირებს


მამუკა ჩხიკვაძე
მამუკა ჩხიკვაძე

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული მამუკა ჩხიკვაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ჯერ აღძრული არ არის. ამის შესახებ „ეხო კავკაზას“ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა უთხრა.

კოჩიევი ინციდენტების პრევენციის მოლაპარაკების ფორმატში ოსური მხარის ხელმძღვანელია. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, ჩხიკვაძის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ფიზიკური ზემოქმედების შესახებ, სიცრუეა.

როგორც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინციდენტების პრევენციის ფორმატში, ეგორ კოჩიევმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს მოქალაქე მამუკა ჩხიკვაძე ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული სოფელ ნიქოზის მიდამოში სახელმწიფო საზღვრის დარღვევის დროს დააკავეს. მისი თქმით, ჩხიკვაძემ ეს შეგნებულად გააკეთა.

„არის შემთხვევები, როცა საზღვრის დამრღვევმა არ იცის, რომ არღვევს, რადგან არის ადგილები, სადაც არ არის აბრები, არ არის სანიტარული ღობეები, არ არის საინფორმაციო ნიშნები. თუმცა, პრინციპში, ისინი უკვე ყველგან არსებობს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის მთელ სიგრძეზე. ვგულისხმობ საინფორმაციო აბრებს, რომლებიც გვამცნობენ, რომ სახელმწიფო საზღვარია. ამ მოქალაქემ დაარღვია სახელმწიფო საზღვარი, ღობეზე გადაძვრა. ანუ მან ასი პროცენტით იცოდა, რომ დაარღვია სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი. ის მესაზღვრემ დააკავა. ამავდროულად, მესაზღვრემ შენიშნა, რომ ის არც ისე ადეკვატურად იქცეოდა. შესაძლოა, ის იყო რაიმე ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ის დააკავეს, ახლა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურშია, სანამ არ გაირკვევა სახელმწიფო საზღვრის დარღვევის მიზანი. მასზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. ამასთან, არის ინფორმაცია, რომ დაკავების დროს ის ყვიროდა პატრიოტულ ლოზუნგებს, მესაზღვრეებს ოკუპანტებს უწოდებდა. როგორც მივხვდი, მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ არც ისე ადეკვატურად იქცეოდა“, - განაცხადა კოჩიევმა.

მისი თქმით, მამუკა ჩხიკვაძემ თვითონვე თქვა, რომ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და ავღანეთისა და ერაყის მისიებში მონაწილეობდა. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის აზრით, თუ ჩხიკვაძეს სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტი ვერ გახდება.

„კაცმა თავად თქვა, რომ ყოფილი სამხედროა. სინამდვილეში, არ აქვს მნიშვნელობა, იყო თუ არა ის ყოფილი სამხედრო. თუ მას არ ჩაუდენია დანაშაული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამის საფუძველზე დევნის საფრთხე არ ემუქრება. თავად ჩხიკვაძემ თქვა, რომ ის ქართული არმიის ყოფილი ჯარისკაცია, რომ ავღანეთსა და ერაყში შეზღუდულ კონტინგენტში მიიღო მონაწილეობა. შესაბამისი ორგანოები იძიებენ მისი სამხრეთ ოსეთში ვიზიტის მიზანს, რატომ დაარღვია საზღვარი. და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ამ მოქალაქის მიერ გაცემული პასუხებიდან გამომდინარე, მიიღებენ გადაწყვეტილებას ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის, ან მისი რესპუბლიკიდან გაძევების შესახებ“.

მამუკა ჩხიკვაძე
მამუკა ჩხიკვაძე

ეგორ კოჩიევის განცხადების არ სჯერათ არც ჩხიკვაძის ნათესავებს და არც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს. კოჩიევის კომენტარს დაემთხვა დე ფაქტო კაგებეს მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც 15 დეკემბერს გამოქვეყნდა. მასში საუბარია საქართველოს ორი მოქალაქის, კახაბერ ნათაძისა და ვლადიმერ კანიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, იქვე კი, ერთ აბზაცში აღნიშნულია სამხედრო დანაშაულებზე, რომელთანაც 9 დეკემბერს დაკავებულებს არანაირი შეხება არა აქვთ.

„იმ პირებს, ვინც სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილეობდა და ასევე მონაწილეობდა დონეცკში, ლუგანსკსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში ნაციონალისტური და ტერორისტული ორგანიზაციების შემადგენელობაში, უნდა ახსოვდეთ, რომ სამხედრო დანაშაულები უნდა იყოს და იქნება დასჯილი, მიუხედავად იმისა, როდისაა ის ჩადენილი“, - წერია კაგებეს მიერ გავრცელებულ ტექსტში და სწორედ მამუკა ჩხიკვაძის მიმართ გამოთქმულ პოზიციად აფასებენ როგორც მისი ნათესავები, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები. მამუკა ჩხიკვაძის ბიცოლა დალი კაპანაძე ამბობს, რომ ცხინვალიდან ოჯახს ჯერ არ მიუღია ინფორმაცია დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„დაგვეხმაროს მთავრობა, ღარიბაშვილი, ქალბატონი პრეზიდენტი, რომ გამოგვაყვანინოს. ცოცხალია თუ მკვდარი, გაგვაგებინონ. ჩვენ არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს მამუკაზე“.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა ამბობს, რომ კოჩიევის განცხადებას ვერ დაიჯერებს, ვიდრე ჩხიკვაძის ამსახველ ფოტო- და ვიდეომასალას არ ნახავს.

„ჩვენ კოჩიევის განცხადების არ გვჯერა, თუ ამას არ მოყვება ვიდეომტკიცებულება, რომ მამუკა ჩხიკვაძე არის ცოცხალი და

ჯანმრთელი, არ არის ნაცემი და თავისი ნებით საუბრობს. მხოლოდ ამის შემდეგ დავიჯერებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქმედებებს. თუ ოჯახიც ვერ დაინახავს ქმედით ნაბიჯებს, ჩვენ უკვე ოჯახის თანხმობით დავიწყებთ სერიოზულ საპროტესტო აქციებს, მოხდება რუსული ტვირთების ბლოკირება“.

ანტისაოკუპაციო მოძრაობამ მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მოამზადა სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგზავნად. დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი მხარე რუსეთის ფედერაციაა, ამიტომ ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება, სტრასბურგმა კი გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მამუკა ჩხიკვაძის დაკავების შესახებ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე ცნობა გაავრცელა. ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, მანამდე ის ჯერ შინდისის გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ნიქოზის სასაფლაოსთან ნახეს. 14 დეკემბერს მისი მეგობრების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემენ და არაადამიანურად ეპყრობიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG