Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პოპულარულ ბლოგერსა და პუბლიცისტს, ედუარდ პალჩისს


ედუარდ პალჩისი
ედუარდ პალჩისი

მინსკის საქალაქო სასამართლომ პარასკევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოპულარულ ბელარუსელ ბლოგერსა და პუბლიცისტს, ედუარდ პალჩისს.

ის ყველა პუნქტში ცნეს დამნაშავედ. ბლოგერს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, მათ შორის სოციალური მტრობის გაღვივება, მასობრივი არეულობების ორგანიზება, საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის გამომწვევი მოქმედებების ორგანიზება და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მოტანისკენ მიმართული მოქმედებებისკენ მოწოდება.

სასამართლო 6 დეკემბერს დაიწყო და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა რათა, ხელისუფლების თანახმად, „არ დაეშვათ ექსტრემისტული მასალების გავრცელება“. ამის შესახებ იტყობინება უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“.

პალჩისი Telegram-ის არხ Palchys-ის ავტორია. ის 2020 წლის სექტემბრის ბოლოს დააკავეს. მიმდინარე წლის აპრილში მისი არხი ექსტრემისტულად ცნეს.

ბელარუსის უფლებადამცველები პალჩისს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.

მანამდე გომელის სასამართლომ მკაცრი განაჩენები გამოუტანა ხუთ ოპოზიციონერ აქტივისტს და ჟურნალისტს, რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის შტატგარეშე კორესპონდენტ იგარ ლოსიკს. ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობა მიესაჯა სიარჰეი ციხანოუსკის, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მეუღლეს, რომელმაც ქმრის მაგივრად გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობა. ციხანოუსკის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ლოსიკს - 15 წლით გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა.

ევროკავშირმა და აშშ-მა მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმს. დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკას არ აღიარებენ კანონიერ პრეზიდენტად მიუხედავად იმისა, რომ ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოფიციალურ გამარჯვებულად გამოცხადდა. ოპოზიცია და დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG