Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას კიდევ ერთხელ უხდის ამომრჩეველს არჩევნებში მიღებული მხარდაჭერის გამო და აცხადებს, რომ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნა უდიდესი პატივია მათთვის. ამის შესახებ მან 2021 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც დღეს, 18 დეკემბერს გაიმართა.

"ეს არის შესაძლებლობა, იზრუნო ჩვენი ხალხისა და ქვეყნისათვის, ეს არის შესაძლებლობა, ბოლომდე დაიხარჯო, ერთგულად ემსახურო ჩვენს ქვეყანას, დაიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება, ეკლესია, ოჯახის ინსტიტუტი, უკეთესობისკენ შეცვალო ჩვენი ხალხის ყოველდღიური ცხოვრება, გააუმჯობესო მათი მდგომარეობა და ხალხისთვის მოიტანო განვითარება და კეთილდღეობა. ეს შესაძლებლობაა და, ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, მეგობრებო", - თქვა მან.

მან თქვა, რომ თანამდებობაზე დანიშვნა მაშინ მოუწია, როცა პოლიტიკური ტემპერატურა "ხელოვნურად იყო აწეული".

"დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კი საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ. ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, მან უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას, უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცედ დაცვა დავიწყეთ, ქვეყანაში დავამყარეთ წესრიგი და ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომელიც ჩვენს ამაყ და თავისუფლების მოყვარულ ხალხს ეკუთვნის და ამას ყველამ სათანადო პატივი უნდა სცეს", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მოქმედი ხელისუფლება ხალხის ნაწილია და ზუსტად იცის, რა გამოწვევები აქვთ მათ.

"გამოწვევები და პრობლემები ბევრია ქვეყანაში: ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა - ქვეყნის გაერთიანება, უმუშევრობა და სიღარიბე, დესტრუქციული ძალების მიერ შექმნილი პოლარიზაცია და უამრავი სხვა პრობლემა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, ამიტომ ამ გამოწვევებს ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა მივხედოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ სწორი ხედვით, გონივრული, პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე მორგებული პოლიტიკითა და შრომით, დაუღალავი, თავდადებული, 24-საათიანი მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ ყველა სირთულე გადავლახოთ და ქვეყანა და ხალხი გავიყვანოთ სამშვიდობოზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ეს მისი პირველი ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაა. ის პრემიერობის კანდიდატად პარტიამ მას შემდეგ დაასახელა, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომას წინ უსწრებდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისში სპეცოპერაციის დაწყების სურვილი. მელია ღარიბაშვილის თანამდებობაზე დაბრუნებიდან რამდენიმე საათში საპოლიციო ძალების გამოყენებით დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG