„განმტკიცდება და შენარჩუნდება ამერიკის შეერთებული შტატებთან უმაღლეს და მაღალ დონეზე არსებული პოლიტიკური დიალოგი და კოორდინაცია,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე იქნება საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-თურქეთის პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და რეგიონის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება.
„ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა, მათ შორის რეგიონშიც არაერთი წარმატებული, ნაყოფიერი ვიზიტი გვქონდა. ამ მიმართულებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას და კიდევ უფრო გააქტიურდება ჩვენი ვიზიტები რეგიონში. მე მინდა ვთქვა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგების იმპლემენტაციაზე მუშაობა იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ასევე მინდა ვთქვა, რომ ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხის სათანადო ასახვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი 2022 წელს; შავი ზღვის რეგიონში ალიანსის კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის განმტკიცებას სტრატეგიული ქარტიით გათვალისწინებული ყველა მიმართულებით, განმტკიცდება და შენარჩუნდება ამერიკის შეერთებული შტატებთან უმაღლეს და მაღალ დონეზე არსებული პოლიტიკური დიალოგი და კოორდინაცია“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
18 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის წევრების, დეპუტატებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატების წინაშე წლიური ანგარიშით წარსდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ეს იყო მისი პირველი ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაა.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ დაასახელა, რაც გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. გადადგომას წინ უსწრებდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად პარტიის ოფისში სპეცოპერაციის დაწყების სურვილი. მელია ღარიბაშვილის თანამდებობაზე დაბრუნებიდან რამდენიმე საათში საპოლიციო ძალების გამოყენებით დააკავეს.
დაწერეთ კომენტარი