თბილისის ვაზისუბნის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სხეულის 60%-ის და სასუნთქი გზების დამწვრობა აქვს.
კიდევ სამი დაშავებული კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ში მოათავსეს. ექიმების თანახმად, სამივე პაციენტს მსუბუქი ინტოქსიკაცია ჰქონდა და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში აფეთქება 19 დეკემბერს, ღამით მოხდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ვერსია გაზის აფეთქების შესახებ, თუმცა, კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბუნებრივი გაზის აფეთქების ალბათობა არ არის და რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.
აფეთქების შემდეგ კორპუსიდან გაყვანილი მობინადრეები საკუთარ ბინებში ჯერჯერობით არ დაბრუნებულან. ისინი სახლის მდგრადობის შესახებ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას ელოდებიან.
დაწერეთ კომენტარი